წლის ბოლო ღონისძიება - საახალწლო ზეიმი
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გულბენკიანის სახელობის დარბაზში 2025 წლის 26 დეკემბერს გაიმართა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საახალწლო ზეიმი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგებისა და მშობლების ძალისხმევითა და ფანტაზიით მორთულმა დარბაზმა ჭეშმარიტად ზამთრის იერი მიიღო, სადაც სკოლამდელი აღზრდის აღსაზრდელები, ცხოველებისა და ნაძვის ხეების მსგავს ტანსაცმელში გამოწყობილები, თოვლის ბაბუას ელოდნენ, რომელიც საჩუქრებით მოვიდოდა და ახალ - 2026 წლის დაწყებას გამოაცხადებდა. თუმცა, მანამდე კი თავიანთი გამოსვლებითა და ლამაზი თამაშებით, მათ თოვლის ბაბუის ქება უნდა დაემსახურებინათ.
სადღესასწაულოდ მორთულ დარბაზს ესწრებოდნენ ღირსი მამა კირაკოს მღვდ. სიმონიანი და ღირსი მამა ჰოვსეფ მმღვდ. ჰარუთუნიანი, ეპარქიის თანამშრომლები, ბავშვების მშობლები და ბებია-ბაბუები.
საუფლო ლოცვის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა, ევგენია მარკოსიანმა, გადასცა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევა და კეთილი სურვილები, ხაზი გაუსვა ეპარქიის წინამძღვრის ყურადღებასა და მზრუნველობას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და აღსაზრდელების მიმართ და მადლიერება გამოხატა ყველა იმ მშობლის მიმართ, ვინც აირჩია სომხური საბავშვო ბაღი და შვილების სომხური აღზრდა.
ბავშვების სომხური მეტყველება, მხიარული სიმღერები და ცეკვები, დეკლამაციები და გამოცანები ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა. ბავშვების სწორი ქცევა, გამართული გამოთქმა, ლამაზი სიმღერები და ცეკვები იმის დასტური გახდა, რომ სკოლამდელმა დაწესებულებამ თავის საქმიანობაში განვითარების სწორი გზა აირჩია.
შთამბეჭდავი იყო „პალატიკის“ (ჩაჩოს) ზღაპრის დადგმა ბავშვების მონაწილეობით. სხვადასხვა ცხოველების სახითა და თამაშებით, იგი გადაიქცა მეგობრობის, ამხანაგობის, მხიარული განწყობით ახალი წლის დახვედრის ლამაზ ეპიზოდად.
ბავშვების გამოსვლებით კმაყოფილება ვერ დამალა მოულოდნელად გამოჩენილმა თოვლის ბაბუამ, რომელმაც ბავშვების შესანიშნავი სამსახიობო ოსტატობისა და შესრულების წახალისებით, ისინი საახალწლო საჩუქრებით გაახარა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგიურმა პერსონალმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა სადღესასწაულო განწყობით დაემშვიდობნენ გასულ 2025 წელს, იმ მოლოდინით, რომ ახალ 2026 წელს განახლებული ენერგიითა და მაღალი განწყობით შეხვდებიან.
Հայերեն
ქართული
English
Русский 

