Материалы

დედაენის დღე აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში

2026 წლის 21 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრში საზეიმოდ აღინიშნა დედაენის საერთაშორისო დღე. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის წმ. გრიგორ ნარეკაცის სახელობის შაბათის სკოლის მოსწავლეები — სომხური ენისა და ლიტერატურის დამსახურებული პედაგოგის, თამარა გაბოიანის ხელმძღვანელობით; „წმ. ნერსეს შნორჰალი“ გუნდი და ინდივიდუალური შემსრულებლები — გუნდის ხელმძღვანელ აიდა ბაზოიან-სურმალიანის ხელმძღვანელობით და პიანისტ კარენ მირზოიანის მონაწილეობით.

ღონისძიება წარმოადგენდა ისტორიულ მიმოხილვას მესროპ მაშტოცის მიერ სომხური დამწერლობის შექმნის ეპოქის, სომხური ენის  და მისი განვითარების ეტაპების შესახებ. დარბაზში მშობლიურ ენაზე ისმოდა ლოცვა და საგალობელი, სიმღერა და მხატვრული კითხვა, სომხურ ენასა და სამშობლოს მიძღვნილი ერის დიდ მოღვაწეთა გამონათქვამები.

ღონისძიების დასასრულს კურთხევის სიტყვით გამოვიდა ღირსი მამა კირაკოს სიმონიანი, რომელმაც დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის — მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის — მამობრივი კურთხევა, მიულოცა დედაენის დღე და ხაზი გაუსვა იმ დიდ საქმეს, რომელიც ეპარქიის ერთდღიან სომხურენოვან სკოლებში სამშობლოდან შორს მშობლიური ენის შენარჩუნებისა და გავრცელების მიმართულებით ხორციელდება. მან დამსწრეებს მოუწოდა იყვნენ ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალულნი და ერთიანნი, გაერთიანდნენ სომხური ეკლესიისა და ამ სომხური კერის გარშემო, ისწავლონ და შეინარჩუნონ მესროპ მაშტოცის მიერ შექმნილი სომხური დამწერლობითი ენა.

სამშობლოდან შორს ეროვნული იდენტობის, სულიერი და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს მწერალმა და პოეტმა რუზანნა ჰოვასაფიანმა, ჟურნალისტებმა სუსანნა ხაჩატრიანმა და გაიანე ბოსტანჯიანმა, ფონდი „არევიკ“-ის წარმომადგენელმა ინგა აღეკიანმა, პოეტმა მარინა მოსესოვა-კირაკოსიანმა და სხვებმა.

ღონისძიების შეჯამებისას „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს, ხაზი გაუსვა და დააფასა დედაენისადმი ის ფაქიზი და პატივისცემით აღსავსე დამოკიდებულება, რომლითაც გამსჭვალული იყო ღონისძიება და ბავშვთა გამოსვლები. ღონისძიების ორგანიზატორმა თამარა გაბოიანმა მადლიერება გამოხატა მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგებისა და ყველა მონაწილის მიმართ.

დედაენის საერთაშორისო დღე 1999 წელს დამტკიცდა იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით და 2000 წლიდან 21 თებერვალი აღინიშნება, როგორც დედაენათა უფლებების აღიარებისა და მათი გამოყენების მხარდაჭერის დღე.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge