საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ ჭადრაკის გუნდურ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ჭადრაკის კლუბ „მერანში“ გაიმართა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში საქართველოს მეხუთე გუნდური ჩემპიონატი.
ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოში მოქმედი ათი რელიგიური ორგანიზაცია. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევითა და კეთილი სურვილებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ, ხელმძღვანელ ემილ სარგსიანის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ჩემპიონატში. ეპარქიის სახელით ასპარეზობდნენ სონა კარახანიანი, მერუჟან ლორეციანი, ანდრეას პარონიანი და არშალუის ტონოიანი.
ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდულმა გუნდმა საპატიო მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა საქართველოს ევანგელური რწმენის ეკლესიის გუნდი.
ჩემპიონატის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, თასები და სამახსოვრო საჩუქრები.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
