Материалы

თბილისის სომხური ენის საკვირაო სკოლას 30 წლიანი ისტორია აქვს

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს  კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, 2025 წლის 8 ივნისს, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა წმინდა ეღია წინასწარმეტყველის სახელობის სომხური ენის საკვირაო სკოლის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

დღესასწაულზე ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი  ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი. დარბაზში იმყოფებოდნენ საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ჰენრიხ მურადიანი, მისი მოადგილე, გაზეთ „ვრასტანის (საქართველოს)“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საკვირაო სკოლის პედაგოგები -როზა ზოჰრაბიანი, ნაზელი ვოსკანიანი, კურსდამთავრებულები და ამჟამინდელი მოსწავლეები, თბილისის სომხური თემის წარმომადგენლები.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოში სომხური ენის სწავლების პირველი საკვირაო სკოლა 1994 წელს დაარსდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ცხონებულ ეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით.

„წმინდა ეღია წინასწარმეტყველის“ საკვირაო სკოლა თავის გარშემო აერთიანებს მათ, ვინც  არ ფლობს მესროპ მაშტოცის მიერ შექმნილ სომხურ  ანბანს,  ვინც არ საუბრობს სომხურად. ეს სკოლა  იცავს სომეხ ბავშვებს ასიმილაციის საფრთხისგან, ეხმარება სომხებად გაზრდაში, სომხური განათლებას მიღებასა და სომხური ტრადიციებით ცხოვრებაში. ამ გაკვეთილებზე დასწრებით, ეს უკანასკნელნი გადაფურცლავენ სომხური ენის, სომეხი ხალხისა და ეკლესიის ისტორიის ფურცლებს, ეცნობიან სომხურ მხატვრულ და ისტორიულ ლიტერატურას, ეუფლებიან სომხურ ლექსებს და ამაყობენ თავიანთი ეროვნული იდენტობით.

ეპარქიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის, ევგენია მარკოსიანის, გახსნითი სიტყვის შემდეგ, წინამძღვარმა კირაკოს ეპისკოპოსმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის მისიას საზოგადოებაში ქრისტიანული რწმენის გაღრმავებაში, ეკლესიის გარშემო გაერთიანებაში, სომხური ენის შენარჩუნებაში, სომხური კულტურის გავრცელებასა და ხალხური ტრადიციების თაობებისთვის გადაცემაში. ამ მისიის განხორციელების ერთ-ერთი გზა საკვირაო  სკოლის პატრიოტული საქმიანობაა.

მან  წაიკითხა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესი და უნეტარესი  გარეგინ II-ის წმინდა  კონდაკი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა კირაკოს ეპისკოპოს დავთიანის შუამდგომლობით, გამორჩეულ მასწავლებელ როზა ზოჰრაბიანს მიენიჭა წმინდა ნერსეს შნორჰალის საეკლესიო ორდენი. წინამძღვარმა  მაღალი რანგის ორდენი გადასცა მასწავლებელ როზა ზოჰრაბიანს, რომელიც კურსების დაწყებიდან 30 წლის განმავლობაში ასწავლის სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის სომხებს სომხურ ენას, აწყობს ულამაზეს ღონისძიებებს, რომლებიც დაუვიწყარია მონაწილეთათვის და მათი ცხოვრების თანამგზავრი ხდება.

ამჟამად, თბილისში მოქმედებს ორი საკვირაო სკოლა, მსგავსი სკოლები ასევე ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში. საიუბილეო ღონისძიებაზე მადლიერების სიტყვებით მიმართეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას, კირაკოს ეპისკოპოს დავთიანს, რომლის პატრიოტული საქმიანობა, ეპარქიის მხარდაჭერა და ეპარქიის წინამძღვრის ზრუნვა ხელს უწყობს სომხური ენის კურსების განვითარებას. მადლიერების სიტყვებით მიმართეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორს, ევგენია მარკოსიანს, რომლის ხელმძღვანელობითაც ხორციელდება საკვირაო სკოლის ორწლიანი პროგრამა. ონლაინ მილოცვები გაუგზავნეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყოფილმა წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მთავარეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და საკვირაო სკოლის კურსდამთავრებულმა მარინე სარგსიანმა.

ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს ამავე სკოლის კურსდამთავრებულებმა პიანისტებმა - კარენ მირზოიანმა და ისაი აბოვიანმა. ღონისძიება დასრულდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის დუდუკის ჯგუფის (ხელმძღვანელი ივანე მკრტჩიანი) და სოლისტი აიდა ბაზოიან-სურმალიანის გულისამაჩუყებელი  შესრულებით.

2

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge