საქართველოს სომეხთა ეპარქიამ „Jinishian Memorial Foundation“-ის დელეგაციას უმასპინძლა

2025 წლის 29 იანვარს „Jinishian Memorial Foundation“-ის დელეგაცია იმყოფებოდა თბილისში.დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ „Jinishian Memorial Foundation“-ის ამერიკის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი ელიზა მინასიანი, ფონდის სომხეთის ოფისის დირექტორი არმენ აკობიანი, აშშ-ს მრჩეველთა კომიტეტის წევრები სონა ჰარუთუნიანი და ფილიპ ვუდსი.
თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მონახულების და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევის მიღების და მასთან პირისპირი საუბრის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნი“. ცენტრის დირექტორმა, ევგენია მარკოსიანმა, სტუმრებს გააცნო ცენტრის საქმიანობა, დაათვალიერებინა ჯინიშიანის სახელობის დარბაზი, სადაც მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით ტარდება „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის და სომხური ენის შემსწავლელი ერთდღიანი სკოლის გაკვეთილები, აღნიშნულ სივრცეში მეცადინეობს ვოკალურ-ინსტრუმენტალური გუნდი „ჰაიოს ბენდი“ და იმართება სხვადასხვა სახის შეხვედრები.
დელეგაცია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილების პასუხისმგებელთან, ემილ სარქისიანთან ერთად გაეცნო „Jinishian Memorial Foundation“-ის მხარდაჭერით განხორციელებულ საქმიანობას. ამის შემდეგ სტუმრები ეწვივნენ ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს.
ადგილზე, ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებებისათვის - 2023-2024 წწ.“ მონაწილეებთან კითხვა-პასუხის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, დელეგაციის წევრები გაეცნენ პროექტის სარგებლიანობის, ახალგაზრდების ჩართულობის და შეხვედრების აუცილებლობის საკითხებს.
„Jinishian Memorial Foundation“-ის ხელმძღვანელობამ მოისმინა ახალგაზრდების წინადადებები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს სამოქალაქო, სოციალური და სულიერი საქმიანობის გააქტიურებას, ახალგაზრდების ცხოვრებას გახდის მეტად საინტერესოს და დაეხმარება მათ მიღებული ცოდნის რეალიზებაში.
როგორც „Jinishian Memorial Foundation“-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ, აგრეთვე ეპარქიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა ახალი პროგრამების განხორციელების მიმართულებით.