სტიქაროსნად კურთხევა თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში
2024 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საკვირაო წმინდა წირვის დასასრულს, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მიერ, ჩატარდა სტიქაროსნად კურთხევა.
დღე მართლაც გამორჩეული და ისტორიული იყო. წმინდა წიგნის კითხვითა და საგალობლების გალობით ჩატარდა წმინდა ცერემონია, რომლის დროსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მიერ ეკლესიაში მსახურობის პირველი საფეხური მიენიჭა თბილისის სომხური ეკლესიების 10 და ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის 9 პირს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ყველაზე უმცროსი არის 8 წლის მიქაელ საჰაკიანი, ხოლო ყველაზე უფროსი - 42 წლის, გაგიკ მოვსისიანი.
წმინდა ცერემონიაში მონაწილეობდნენ ღირსი მღვდელი ჰუსიკ ჰარუთუნიანი, ღირსი მღვდელი კირაკოს სიმონიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომეხთა სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი არარატ გუმბალიანი, დიაკვნები არტაკ ანტონიანი, გევორგ ავეტისიანი და აჭარის სულიერი მოძღვრის თანაშემწე ალბერტ არშაკიანი.
საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ მშობლები, მორწმუნეები და სტუმრები. ეპარქიის წინამძღვარმა სტიქაროსანთათვის სათანადოდ განმარტა სტიქაროსნად კურთხევის (მეფსალმუნეობის) მნიშვნელობა, კერძოდ, ისაუბრა სასულიერო პირთა მოვალეობების სირთულეზე, მიუთითა გამოწვევების დაძლევის უნიკალურ გზებსა და ხერხებზე, აგრეთვე უსურვა, რომ ყოვლისშემძლე უფლის წმინდა მარჯვენას შემწეობითა და სომხური ეკლესიის მფარველობით სტიქაროსნებმა (მეფსალმუნეებმა) შემდგომში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლონ.
ცერემონიის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა სტიქაროსნები (მეფსალმუნეები) მამობრივად დაარიგა და დალოცა.