Материалы

მოქმედი ეკლესიები და სამლოცველოები

სოფ. დილითი /დილიფი (დლივიკ)- „სურბ ვარდან ზორავარ“ ეკლესია

1

ნინოწმინდის რაიონში მდებარე თანამედროვე სახელწოდებით სოფ. დილითი/დილიფი- დილივიკ სახელწოდებით სომხურ ბიბლიოგრაფიაში პირველად 988 წელს არის ნახსენები, ხოლო დლივ სახელწოდებით 1595 წელს, ოსმალეთის იმპერიის სახარკო სიებში. მეზობელი სხვა სოფლებისაგან განსხვავებით ამჟამინდელი დილითის/დილიფის  მოსახლეობის წინაპრები ჯავახეთში გადმოვიდნენ არა კარნოს პროვინციიდან, არამედ ტარონიდან. გადმოსახლდნენ მუშიდან, კარაჩობან და კენდიქოვ სოფლებიდან[1].

სოფ. დილითის/დილიფის „სურბ ვარდან ზორავარ“ სახელობის ეკლესია 1866 წელს აშენდა. ეკლესიის შესასვლელის ზედა ნაწილში ამოტვიფრულია წარწერა: „1866 სურბ ვარდან ეკლესია; სოფ. დილიფი“. აქვე უნდა ითქვას, რომ 1847-1885-იანი წლების ეკლესიის ჩანაწერთა წიგნაკებში, 1870 წლამდე[2], სოფელში მოქმედი ეკლესია მოხსენიებულია „სურბ გევორგ“ სახელწოდებით, რომლის შემდეგაც იგი „სურბ ვარდან“ სახელწოდებით იხსენიება [3].

„სურბ გევორგ“ ეკლესიის შესახებ საქართველოს და იმერეთის ეპარქიის ფონდის საარქივო დოკუმენტაცია უძველეს ცნობებს გვაწვდის 1839-1840-იანი წლებიდან დაწყებული[4]. ამავე პერიოდში „სურბ გევორგგ“ ეკლესიაში მღვდელმსახურობდნენ მღვდელი მანუკ მეროსიანი და მღვდელი ჰოვჰანეს ჰოვჰანისიანი[5]. 1857 წლის მდგომარეობით „სურბ გევორგ“ ეკლესიას ეკუთვნოდა ადგილობრივთა მიერ გადაცემული ორი ოთახი, რომლიდან მიღეული შემოსავალიც იკონომოს ზაქარ ტერ-მანველიანის განკარგულებაში გადადიოდა[6]. 1880-იან წლებში უკვე „სურბ ვარდან“ სახელწოდებით ეკლესია იხსენიება ქვით ნაგებ, ხით გადახურულ ნაგებობად[7]. 1915 წლის მდგომარეობით მისი მრევლის რაოდენობა 1242-ს აღწევდა[8].

სოფელში შემორჩენილ სამლოცველოებს შორის არის „სურბ მინასი“, „თევათოროსი“, „დავოი სურბ“, „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მოსახლეობა სახლებში ინახავს სხვადასხვა რელიგიურ წიგნს, რომელთა უმრავლესობაც ოჯახში გამოყოფილ კუთხეებსა და სახლების ეზოებში აშენებულ პატარა სამლოცველოებში ინახება[9].

არქიტექტურა: ეკლესია ქვაკირისა და დაუმუშავებელი ქვისგან არის აშენებული. არქიტექტურული მახასიათებლებით სამნავიანი გუმბათოვანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიას წარმოადგენს. გამონაკლისს წარმოადგენს დასავლეთ მხარე, რომელიც თლილი ქვისგან არის აშენებული. ეკლესიის გარე ზომებია 11x18 მ. აღმოსავლეთ ფრონტონის თავზე აშენებულია მეტალის სამრეკლო. შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. აღნიშნულის წინა ნაწილში გამოჭრილია ნახევარწრის ფორმის სარკმელი. შიდა სივრცე სამი წყვილი სვეტით ორ ნავად არის გაყოფილი, ხოლო ცენტრალურ ნაწილში ერთი დიდი დარბაზია.

წმ. საკურთხეველი დასავლეთ მხარეს არის მოწყობილი, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მდებარეობს საეკლესიო ნივთების საცავები. ჩრდილოეთ კედელში ნათლობის ემბაზია განთავსებული[10].

სკოლა: ეკლესიას ასევე თავისი სამრევლო სკოლა ჰქონდა, რომლის შესახებაც საარქივო დოკუმენტაცია ცნობებს გვაწვდის მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული. საარქივო დოკუმენტაციის თანახმად, იგი 1864  წელს ადგილობრივების სახსრებით გაიხსნა და აღნიშნულ პერიოდში 20 მოსწავლე ჰყავდა[11].

ხელახლად კურთხევა და გახსნა: საბჭოთა პერიოდში აღნიშნული ეკლესიაც სხვა ეკლესიების მსგავსად დაიხურა და საწყობად გადაკეთდა. 2017 წელს, წარმოშობით დილითელ ქველმოქმედთა ინიციატივით ჩატარდა ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. აღდგენილ იქნა ეკლესიის სახურავი, აღდგა ეკლესიის გუმბათი და ჩატარდა შიდა კეთილმოწყობითი სამუშაოები. მთლიანად განახლდა ეკლესიის წმ. საკურთხეველი და ნათლობის ემბაზი[12].

2018 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ ხელახლად იკურთხა „სრბოც ვარდან“ ეკლესია. სომეხთა ეკლესიის კურთხევის წესის თანახმად საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით, სოფ. დილისკის „სურბ სარგის“ ეკლესიის სულიერი მწყემსის, ღირსი მღვდლის ტიგრან მხითარიანის და სოფ. განძის „სურბ კარაპეტ“ ეკლესიის სულიერი მწყემსის, ღირსი მღვდლის გევორგ ასატრიანის მონაწილეობოთ შესრულდა ეკლესიის კარების გახსნის რიტუალი. წმინდა მირონით იკურთხა ეკლესიის 16 სვეტი, ნათლობის ემბაზი, წმინდანთა გამოსახულებანი, რომლებიც კურთხევის შემდეგ ხატებად გარდაიქმნა. ახლადკურთხეულ ეკლესიაში პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის და რაიონის სომხურ თემთა სულიერმა მწყემსმა, ღირსმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ეკლესიის ეზოში ხაჩქარი იკურთხა, რომელიც სარდარაპატის გმირულ ბრძოლასა და სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავს ეძღვნება. ეკლესიის ხელახლად კურთხევის რიტუალს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, სომხეთის, საქართველოს და რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული სტუმრები და მომლოცველები[13].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1] ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ.166.

[2] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 5540-5543; 5548-5552; 5557-5561:

[3] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 5544-5547; 5553-5556; 5562-5572:

[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 457, թ. 60; գ. 3800, թ. 4:

[5] იმავე ადგილას, գ. 457, թ. 60:

[6] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3830, թ. 37 շրջ.-38:

[7] „არძაგანქ“, 1885, N 3, გვ. 41:

[8] სეა, ֆ. 56, ց. 15, գ. 795 /մաս 3/, թ. 239 շրջ.-240:

[9] ა. დავთიანი, სომხური და შერეული საცხოვრებელი დასახლებები საქართველოში, ერევანი, 1997, გვ. 110.

[10] საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი.

საქართველოს სომეხთა ეპარქია.

[11] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3977, թ. 54 շրջ.-55:

[12] საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი.

[13] http://armenianchurch.ge/hy/news/34-news/1828-dilif-srboc-vardananc.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են