განძა- „სურბ კარაპეტ“ ეკლესია
ეკლესიის დაარსება: ახალქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 22 კმ-ში მდებარე სოფ. განძის ამჟამად მოქმედი „სურბ კარაპეტ“ გუმბათოვანი, ქვის ეკლესია 1859 წელს აშენდა[1]. იგი ადგილობრივების სახსრებით, მღვდელ გრიგორის (ვაჰან ტერიანის ბაბუის) ხელმძღვანელობით დაარსდა. ტაძრის დაარსების პერიოდის თანამედროვე ეკლესიას შემდეგნაირად აღწერს: „... აქვს დიდებული თაღოვანი ტაძარი, შემოსილი თლილი ქვით, ოთხ სვეტზე მდგარმა ეკლესიამ შეიძლება გააკვირვოს ძალიან ბევრი სხვა ქალაქიც კი: ეკლესია აშენდა ხალხის შემოწირულობებით, გარდაცვლილი მღვდლის- გრიგორის მხარდაჭერითა და მზრუნველობით“ [2]. „სურბ კარაპეტ“ ეკლესიის აშენებაზე დაახლ. 15.000 რუბლი დაიხარჯა [3].
„სურბ კარაპეტ“ ეკლესია მუდმივად მოქმედი ტაძარი იყო, რომელსაც პერიოდულად უტარდებოდა რესტავრაცია. იგი დღესაც მოქმედებს და ემსახურება თემის სულიერ საჭიროებებს. ეკლესია ხელახლად კურთხეული არ გახლავთ და ამიტომაც საღმრთო ლიტურგია საკურთხევლის ქვასთან (Վեմ քար) აღევლინება.
სოფელ განძაში „სურბ კარაპეტ“ ეკლესიის გარდა მდებარეობს ასევე მე-12-14 სს. ორი თაღოვანი ეკლესია, სახელწოდებით- ზედა და ქვედა. აღნიშნული ეკლესიები ბიზანტიური რიტუალური მახასიათებლების გათვალისწინებით არის აგებული. აქედან ზედას (ზოგადი ზომები-10,54 x 6,86 მ.) ჩრდილოეთიდან აქვს ცალკე შესასვლელიანი პატარა დარბაზი, ერთი შესასვლელი- სამხრეთ ფრონტიონიდან და ქართული ასოებით წარწერები. განძის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს „მაღარა“-ს სახელწოდებით ცნობილი ნასახლარი, სადაც ეკლესიის ნანგრევები გვხვდება[4].
სოფლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში წმ. ჰოვანესის მთის წვეროზე, ზღვის დონიდან 2327 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს შუა საუკუნეების იმავე სახელწოდების ერთნავიანი ეკლესია (გარე ზომებია 6,83 x 4,45 მ). აღნიშნული ეკლესია მდგარია. აშენებულია მთლიანი თლილი ქვისგან, ეკლესია ორსართულიან ცოკოლზე დგას. იგი ამჟამად სამლოცველო ადგილია მორწმუნე ხალხისათვის, სადაც ისინი ყოველი წლის 24 ივნისს ადიან [5].
არქიტექტურა: „სურბ კარაპეტ“ ეკლესია არქიტექტურული თვალსაზრისით გუმბათოვან, ქვის ნაგებობას წარმოადგენს. გარე ზომებია, 19,10 x 12,73 მ. აშენებულია თლილი ქვისაგან. ოთხ სვეტზე დგას[6].
სამრევლო მღვდლები: სოფ. განძის „სურბ კარაპეტ“ ეკლესიის ჩანაწერთა წიგნაკების თანახმად, ეკლესიის მღვდლებს შორის ყოფილან ზაქარ მიქაელიანი[7], მღვდელი გრიგორ ტერ-ღაზარიანი[8], მღვდელი სუქიას ტერ-გრიგორიანი[9] და მღვდელი არისტაკეს ჰოვჰანისიანი [10]. მღვდელმსახურობდნენ 1860-1880-იან წლებში.
სკოლა: სოფ. განძის საეკლესიო-სამრევლო სკოლა 1864 წელს ადგილობრივების სახსრებით გაიხსნა. ეპარქიის სკოლათა ცნობარის თანახმად 1869 წლის მდგომარეობით სკოლას 40 მოსწავლე ჰყავდა[11]. 1875 წლის ცნობარში აღნიშნულია, რომ სოფელს ეკლესიის ეზოში განთავსებული საბავშვო ბაღი აქვს. მასწავლებლად მოხსენებულია მკრტიჩ დიურკერიანცი[12].
ეკლესიის განახლება: „სურბ კარაპეტ“ ეკლესია მუდმივად მოქმედი იყო. მას პერიოდულად უტარდებოდა რესტავრაცია. უკანასკნელი აღდგენითი სამუშაოები 2008-2009 წწ. ჩაუტარდა. გაგიკ წარუკიანის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლის დროსაც დაიგო იატაკი, ამოივსო სახურავის ბზარები, ეკლესია შეილესა შიდა მხრიდან, შეიღება, ჩამოიკიდა ჭაღი, ფრესკები, შეიცვალა შესასვლელის ერთი და შიდა სამი კარები. 2015- 2016 წწ. სოფლის ქველმოქმედთა სახსრებით (35 კაცი) განახლდა და თუნუქით გადაიხურა ეკლესიის სახურავი. იმავე ჯგუფის მხარდაჭერით სრულიად განასლდა ასევე დიდ სამამულო ომში დაღუპულ განძელთა დანგრეული მემორიალი.
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი
[1]ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ.137.
[2] „არძაგანქ“,1885, N 3, გვ. 41:
[3]„ნორ-დარ“ 1902, N 47, გვ. 3:
[4]ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას, გვ. 138-140.
[5]იმავე ადგილას, გვ. 143.
[6]ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას.
[7]სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 457, թ. 59-իշրջ.:
[8]სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 1110, թ. 2:
[9]სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 1117, թ. 2:
[10]სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 1133, թ. 3:
[11]სეა, ֆ. 53, ց.1, գ. 3977, թ. 54-ի շրջ.:
[12]სეა, ֆ. 56, ց. 15, գ. 52, թ. 43-ի շրջ.: