პატარა გონდრიო - „სრბოც ღევონდიანც“ ეკლესია
სრბოც ღევონდიანც ეკლესია: 1850-იანი წლებიდან მოყოლებული სხვადასხვა დოკუმენტურ წყაროში მრავალჯერ არის ნახსენები სოფ. პატარა გონდრიოს „სურბ გევორგ“ ეკლესიის სახელით, რომელსაც 1869 წლიდან სახელწოდება შეეცვალა და ამჟამად „სრბოც ღევონდიანც“ სახელს ატარებს. ცნობილია, რომ ეკლესიას 1868-69 წწ. რესტავრაცია ჩაუტარდა და ამასთან ერთად ხელახლად იკურთხა- სახელიც გადაერქვა.
ეკლესია, რომელსაც დასავლეთ ფრონტონზე კონუსის ფორმის გადახურვის ოთხსვეტიანი სამრეკლო ადგას აშენებულია თლილი ქვით (დასავლეთ მხარეს), დაუმუშავებელი ქვითა (დანარჩენი სამი მხარე) და ქვითკირით.
სრბოც ღევონდიანც ეკლესიას კვლავ ჩაუტარდა რესტავრაცია წარმოშობით გონდრიოელი, ამჟამად სომხეთში მცხოვრები ტაჭად ვარდაპეტიანის შემოწირულობით და ადგილობრივი მოსახლეობის სახსრებით. 2019 წელს ეკლესია ხელახლა იკურთხა მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვარდან ნავასარდიანის მიერ.