Материалы

იანვარი

„არაჯავორაც“ მარხვა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-01-22

„არაჯავორაც“  მარხვა დამახასიათებელია მხოლოდ სომეხთა ეკლესიისათვის. იწყება დიდ მარხვამდე სამი კვირით ადრე. მრევლს მოეთხოვება მძიმე მარხვა.  ძველად ამ დღეებში ნებადართული იყო   მხოლოდ პურისა და მარილის ჭამა,  წირვა არ აღევლინებოდა. „არაჯავორაც“ მარხვის საიდუმლო   წარმართულ   სიბილწეთაგან ადამიანის გრძნობის ხუთი ორგანოს განწმენდაა. ძველად იყო ჩვეულება ნათლობამდე ხუთი დღით ადრე მარხვაზე ყოფნისა, რისი წყალობითაც ტრდატი და მასთან ერთად სხვები  გადარჩნენ, ამიტომაც „არაჯავორაც“ მარხვას ეწოდება გადარჩენის - ხსნის მარხვა. სომეხთა ეკლესიის სწავლულთა აზრით, „არაჯავორაც“ მარხვა დააფუძნა წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა, ზემოაღნიშნული მარხვის ხსოვნის ნიშნად. ამ მარხვის „არაჯავორაც“ სახელწოდების ორი ინტერპრეტაცია არსებობს, პირველი - როგორც დიდი მარხვის წინამორბედი, მეორე - როგორც სომეხთა პირველი მარხვა. „არაჯავორაც“ მარხვას გაუგებრობით უწოდებდნენ ასევე სურბ სარგისის მარხვას, ვინაიდან აღნიშნული მარხვის მომდევნო შაბათ ზეიომებენ დღეს სურბ სარგისის დღესასწაულს.  შუა საუკუნეებში ბერძნები და ქართველები  ადანაშაულებდნენ სომეხთა წმიდა ეკლესიას „არაჯავორაც“ მარხვის სურბ სარგისის სახელთან დაკავშირებისათვის, რომლესაც ისინი  მიაწერდნენ ჯადოქრობებს. სომეხი ისტორიკოსების ცნობების თანახმად, „არაჯავორაც“ მარხვა ქართველებსა და ბერძნებსაც ჰქონდათ.  

წმინდა კირაკოსისა და მისი დედის - წმინდა იუდიტას ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-01-21

წმინდა იუდიტა  ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი ქალი იყო, მას სამი წლის ბავშვი ჰყავდა, რომელსაც კირაკოსი ერქვა.  როდესაც ქრისტიანების დევნა   დაიწყო, იგი მიიმალა ტარსონში. მაგრამ აქაც ვერ იყო   მშვიდად, ვინაიდან დევნა გრძელდებოდა.  წმინდანებს აპატიმრებენ და აწამებენ.  პატარა კირაკოსი ხედავდა რა დედის წამებას, ძლიერად ტიროდა, მსაჯულის თბილი სიტყვების მიუხედავად, ქრისტეს რწმენით გაძლიერებული, დედის სიტყვებს იმეორებდა:  "მე ვარ ქრისტიანი და   თაყვანს ვცემ ჩვენს უფალს - იესოს."  

ბავშვი ცდილობდა მსაჯულის ხელიდან გათავისუფლებას და დედასთან მისვლას.  მან მოსამართლეს ძლიერ დაარტყა ხელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა ბავშვი კიბეზე დააგორა.  კირაკოსმა თავი ქვას დაარტყა  და სული განუტევა,  შეუერთდა ბეთლემელ უდანაშაულო ჩვილთა გუნდს, მისი დედა- წმინდა იუდიტა – კი ადიდებდა  უფალს იმის გამო, რომ მისი შვილი ქრისტესთვის ეწამა. დედასაც წარმოუდგენელი წამება ელოდა, ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს.  ეს მოხდა   305 წელს. სომხურმა ეკლესიამ კირაკოსს მიუძღვნა სპეციალური შარაკანი (სასულიერო ჰიმნი, საგალობელი).

წმინდა თეოდოსი დიდის და შვიდი ეფესელი ყრმის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-01-20

წმინდა თეოდოსი  დიდმა თავისი ზეობის დროს (379-395) გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა წარმართობას. მან გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც კერპებისადმი ყოველგვარი მსახურება დანაშაულად ითვლებოდა. კეთილმსახური მეფე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ერეტიკოსებთან ჭიდილში. 379 წელს, როცა იგი დაინიშნა აღმოსავლეთის იმპერატორად, უპირველეს ყოვლისა, დააბრუნა წინა იმპერატორის ბრძანებით გადასახლებული ეპისკოპოსები. თეოდოსიმ იმპერიის ერთიან სახელმწიფო რელიგიად დაამტკიცა ქრისტიანობის ნიკეის მსოფლიო კრების ფორმულა  და აღკვეთა არიანელობა.  

როდესაც თეოდოსის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს თესალონიკელი 7000 აჯანყებული, მილანის ამბროსიუს ეპისკოპოსი იმპერატორს უკრძალავს ტაძარში შესვლას,  იგი თავმდაბლად ემორჩილება ღმრთის მსახურს. გარდაიცვალა 395 წელს.

სომეხთა ეკლესიაში იმავე დღეს აღინიშნება ეფესელი შვიდი ყრმის ხსენებაც. შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე, ცხოვრობდნენ უსჯულო დეკიუსის (249-251) ზეობისას. მათ   ფარულად მიიღეს ქრისტიანობა, რისთვისაც დეკიუსი დევნიდა მათ. ისინი მიიმალნენ  ოქლონის მთის მღვიმეში. ეფესელი ყრმები უფლის წყალობით   140 წლიან ძილს მიეცნენ და 389 წელს გამოიღვიძეს,  ღვთისმოსავი იმპერატორის თეოდოსის  მეფობის დროს,    გამოვლინდა  ღვთის სასწაული, მეფე და ქალაქის მცხოვრებლები  დიდი პატივით შეხვდნენ დევნილ ქრისტიანებს. შემდეგ ისინი ისევ მღვიმეში დაბრუნდნენ და კვლავ დაიძინეს,   ამჯერად მარადიული ძილით. ეფესელი ყრმები დაკრძალეს იმავე მღვიმეში, რომელზეც მომავალში  დიდებული ეკლესია ააგეს.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღესასწაული

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-01-14

წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადება დაწვრილებით აღწერა წმინდა  ლუკა  მახარებელმა (ლუკა 1:5-25). წმინდა იოანეს მამას - ზაქარია მღვდელს უფლის ტაძარში (საკმევლის) კმევის დროს მოევლინა უფლის ანგელოზი და ახარა მისი შვილის   დაბადების შესახებ, მაგრამ მოხუცი ზაქარია სკეპტიციზმით იღებს ამ სასიხარულო ამბავს და უნდობლობისთვის დამუნჯდებულია თავისი შვილის შობამდე. იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც უნდა მოენათლა კაცობრიობის  მხსნელი, იცნო და იესოს ამქვეყნად მოვლინებისთვის   ჯერ კიდევ მის შობამდე გაიხარა. როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ეწვია ელისაბედს - იოანე ნათლისმცემლის დედას,  ეს უკანასკნელი  აივსო სულიწმინდით  და თქვა: „ვინა ვარ მე, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? ვინაიდან, როცა შენი მოსალმების ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეტოკდა ყრმა ჩემს მუცელში“ (ლუკა 1:43-44): ელისაბედის სიტყვის გაგრძელება ამ დღესასწაულის მოწოდებაა ყველა ქრისტიანისადმი: „ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მამართ“ (ლუკა 1:45).

ქრისტესათვის სახელის დარქმევის დღესასწაული

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-01-13

ებრაული წესით,  შობიდან მერვე დღეს, როგორც ყველა ახალშობილი ბიჭი,  წინადაიცვეთა უფალი ჩვენი იესო ქრისტეც - თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რათა ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით დაადასტურა, რომ ჭეშმარიტად შეისხა ხორცი. ამ წესის აღსრულებისას დაერქვა იესო - სახელი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს აუწყა მთავარანგელოზმა მის ჩასახვამდე („იესო“ სწორედ „მაცხოვარს“ ნიშნავს და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა): „როგორც კი რვა დღე შესრულდა მის წინადასაცვეთად, დაარქვეს მას სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე“ (ლკ. 1,21).   იესო სახელის პარალელურად მას მიეცა ასევე სახელი „ქრისტე“. ეს ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს ცხებულს და შეესაბამება ებრაულ „მესიას“.   ამ დღეს  ყველა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში აღევლინება წმინდა წირვა, წინა დღეს კი, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება წინასადღესასწაულო ცერემონია - ნახატონაკი.

შობა და ნათლისღება

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-01-06

6 იანვარს  სომეხთა სამოციქულო ეკლესია ზეიმობს იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს.   ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.    (მათ. 3:17, მარკოზი 1:11, ლუკა 3:22).    ამრიგად, სომეხთა ეკლესია ამ ორ მოვლენას ერთად, 6 იანვარს აღნიშნავს.  

6 იანვარს დილით აღევლინება წმინდა წირვა, რის შემდეგაც სრულდება წყალკურთხევა - იესოს ნათლისღება (ხალხური ტრადიციის მიხედვით, ჯვარს წყალში შთაფლავენ). იესომ წყალი აკურთხა მისი ნათლისღებით. ის, ვინც წირვას აღავლენს, წმიდა მირონს აწვეთებს წყალში და აკურთხებს მას. ტრადიციის თანახმად, ხალხს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვს და სნეულთა სამკურნალო საშუალებად იყენებს. შემდეგ მღვდელი დადის მორწმუნეთა სახლებში, ახარებს მათ იესო ქრისტეს შობას. აქედან წარმოიშვა სახლის კურთხევის ტრადიციაც. 

იესოს შობა ასე მოხდა

ამ დროისათვის გამოვიდა ავგუსტუსის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მის მიწაზე და მათ შორის იუდეაშიც ხალხის აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ ბრძანების ძალით ყველა ისრაელიანი თავისი მშობლიური ქალაქისაკენ ისწრაფოდა, რათა სახელმწიფო აღწერაში მოხვედრილიყო. საოცარია ღვთაებრივი განგებულების საქმე! თავისი ამქვეყნიური დიდებით გაამაყებული კეისარი უფლის ნების ბრმა იარაღად გვევლინება, ღვთის განზრახვას ემსახურება. ქვეყნიური მეფის ნებამ მოუხმო იოსებსა და მარიამს ბეთლემისაკენ, რათა ზეციური მეუფის ნება აღსრულებულიყო. იოსები და მარიამი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბეთლემში - დავით მეფის სამშობლოში, სადაც სამეფო შტოს საგვარეულო ნუსხები ინახებოდა და სახელი იესოსი, რომლის წინაშეც ყოველთა ზეციურ ძალთა მუხლი იდრიკება, წარმართი ხელისუფალის ქვეშევრდომთა შორის ჩაწერილიყო. დიდება უფალო, სიმდაბლესა შენსა, დაე, განქარდეს ყოველი ამპარტავნება გულთაგან ჩვენთა!

ბეთლემის ჩრდილოეთით, დავითის წყაროდან ორასიოდე ნაბიჯზე, კლდეებს შორის არის გამოქვაბული, რომელშიც ქარიშხლის და უამინდობის დროს მწყემსები პირუტყვთან ერთად თავს აფარებდნენ. გამოქვაბულის სიღრმეში ქვის კლდეში ამოკვეთილი ჩაღრმავება ცხოველებს ბაგის მაგივრობას უწევდა. ამ ღატაკურ გამოქვაბულში მოთავსდნენ წმინდა მგზავრები და სრულ სიწყნარესა და სიმშვიდეში იმყოფებოდნენ, ბრბოს მღელვარებასა და ქაოსს მოშორებულნი.

შუაღამის სიჩუმეში, მახლობლად, სოფელში მწყემსები იყვნენ.  ანგელოზებმა პირველად სწორედ მათ ახარეს მხსნელის განკაცება: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა“ (ლკ. 2,10-11). მწყემსებმა გულითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს.

შემდეგ აღმოსავლეთიდან მოვიდნენ მოგვები, რომელთაც ვარსკვლავი უძღვოდა და თაყვანი სცეს ჩვილს,   საჩუქრები მისცეს და წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში.

საშობაო ჭრაგალუიცის (სანთლების დანთების) წმინდა წირვა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-01-05

ჭრაგალუიცის წმინდა წირვა წელიწადში ორჯერ - ქრისტეშობის და აღდგომის დღესასწაულებზე - აღევლინება.   სომეხთა ეკლესიის კალენდრის თანახმად,  ქრისტეშობის წინა ერთი კვირა მარხვაა.   30 დეკემბრიდან  5 იანვრის საღამომდე მორწმუნეები მარხვაზე არიან. ამ პერიოდში იღებენ  მხოლოდ მცენარეული წარმოშობის საკვებს. შობის ბრწყინვალე დღესასწაული იწყება 5 იანვარს საღამოს და  გრძელდება შუაღამის შემდეგ.   

5 იანვრის საღამოს   ყველა ეკლესიაში აღევლინება ნათლისღების ჭრაგალუიცი და საღმრთო ლიტურგია. „ჭრაგალუიც“ ნიშნავს სანთლის დანთებას.  ამ დღეს, საღამოს, ეკლესიაში დანთებული   სანთლები ხალხს სახლში მიაქვს. ის ღვთაებრივი ნათლის, ეკლესიის კურთხევის სიმბოლოა. ჭრაგალუიცი   ასევე განასახიერებს ბეთლემის ვარსკვლავის სინათლეს, რომელიც მოგვებს წარუძღვა ყრმა იესოსკენ.

კაღანდ, ახალი წელი

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-01-01

დღესდღეობით ყველა ქრისტიანი ერი ახალ წელს პირველ იანვარს აღნიშნავს. იანვარი დაბადებას ნიშნავს. ქრისტეს გამოჩენამდე, სამყაროში მთელი კაცობრიობა ჯოჯოხეთში, სატანის ხელში ტყვედ იყო ჩავარდნილი, განწირული მარადიული სიკვდილით. ქრისტემ ამ  თვეში დაბადებით გაანადგურა ჯოჯოხეთი, კაცობრიობა ხსნა მარადიული სიკვდილისაგან და მათ ზეციურ სამეფოში გაუძღვა. ამიტომ იანვარი გახდა თვეების დასაწყისი. პირველი იანვარი ჩვენი მხსნელის დაბადების პირველი თვის პირველი დღეა. პირველ იანვარს, ყველა ეკლესიაში წმინდა ლიტურგია აღივლინება. დღესასწაულს კაღანდს უწოდებენ, რომელის თვის დასაწყისს ნიშნავს. სომხურად მას ამანორს უწოდებენ, რომელიც სომხური წარმოშობის სიტყვაა, "ამ" ნიშნავს წელს, ანუ ახალი წელი. ხალხური ტრადიციის მიხედვით, ახალ წელს ნაძვის ხეს რთავენ, რომელიც სამოთხის Կենաց ხის სიმბოლოა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են