- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-30
წმინდა თადეოზი და წმინდა ბართლომე ქრისტეს 12 მოციქულთაგანია, რომლებიც ჩამოვიდნენ სომხეთში, სომეხ ხალხს უქადაგეს ქრისტიანობა, და ღირსნი გახდნენ წოდებისა - „პირველი განმანათლებელნი“. ჯერ კიდევ ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში წამებულ იქნენ სომხეთში. მოციქულების მოღვაწეობის შედეგად 301 წელს სომეხმა ხალხმა მსოფლიოში პირველმა აღიარა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად.
მართლაც, ამ წმინდა მოციქულთა მოღვაწეობას განსაკუთრებული როლი ენიჭება ორიათასწლიანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ერის ცხოვრებაში, რომელიც სავსეა დედა ეკლესიისადმი რწმენითა და მხურვალე სიყვარულით.
ყოველ წელს სომხური ეკლესია წმინდა მოციქულებისა და ჩვენი პირველი განმანათლებლების - წმინდა თადეოზისა და წმინდა ბართლომეს, ხსენების დღეს აღნიშნავს ორმოცდაათდღიანი მარხვის მეორე კვირის წინა შაბათ დღეს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-28
პატრიარქი წმინდა კლემენტი პირველია "სამოციქულო მამებს" შორის, რომლის ნაწერებიდან ვიგებთ ჩვენი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეების ქრისტიანული ტრადიციების, ღვთისმეტყველების და ეკლესიის ისტორიის შესახებ. წმინდა კლემენტი რომში შეხვდა წმინდა პეტრე მოციქულს, რომლის ქადაგების შედეგად მოინათლა, ხელდასხმულ იქნა და 92 წელს გახდა რომის ეპისკოპოსი.
ტავრომენელი ეპისკოპოსი წმინდა ბაგრატი სიველიის განმანათლებელია. იყო პეტრე მოციქულის მოწაფე, ვის მიერაც ხელდასხმულ იქნა და გაიგზავნა სიველიაში. იგი გახდა ქალაქ ტავრომენეს ეპისკოპოსი და მისი ქადაგების წყალობით გაუქმდა კერპთაყვანისმცემლობა, მაგრამ ქალაქის ერთმა დიდგვაროვანმა, რომელიც თავგამოდებული კერპთაყვანისმცემელი იყო, ლოცვის დროს მოკლა იგი. ქალაქის მთავარმა დასაჯა ბოროტმოქმედი, წმინდანის სხეული კი დიდი პატივით დაასვენეს კიდობანში, რომ ყველას მფარველი და დამხმარე ყოფილიყო.
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა კლემენტ პატრიარქისა და წმინდა ბაგრატ ტავრომენელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს ორმოცდაათდღიანი მარხვის პირველი კვირა დღის მომდევნო ხუთშაბათს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-26
ანტიოქიის მღვდელი ლუკიანე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III საუკუნის ბოლოს და IV საუკუნის დასაწყისში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მამის ქონება ღარიბებს დაურიგა და თავი მთლიანად ბიბლიის შესწავლას მიუძღვნა. არსებობს მოსაზრება, რომ ახალი აღთქმა ლუკიანეს კორექტირებულია.
ანტიოქიაში სასულიერო სკოლა დააარსა, მაგრამ მაქსიმინუსის დევნის დროს იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს ნიკომიდიაში, ციხეში იმყოფებოდა ცხრა წლის განმავლობაში, 312 წელს კი თავი მოჰკვეთეს.
წმინდა ტარაქო, წმინდა პრობო და წმინდა ანდრონიკე ჯარისკაცები განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათაც დევნიდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტეს რწმენის მიმდევრობისათვის, ისინი დააკავეს და აწამეს ქალაქ ტარსონსა და ანაბარზაში. მათ თავი მოჰკვეთეს ქალაქ ანაბარზაში 304 წელს.
წმინდა ონისიმე გაქცეული მონა იყო. ის რომში დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, სადაც მან გაიცნო პავლე მოციქული, მისი ხელით მოინათლა. წმინდა პავლე მოციქული მას წერილს აძლევს, რითაც ონისიმე ყოფილი ბატონისგან პატიებას და თავისუფლებას იღებს. წმინდა ონისიმე ყველგან დაყვება წმინდა პავლეს, მისი სიკვდილის შემდეგ კი ქადაგებს ესპანეთში, საბერძნეთსა და მცირე აზიაში. ღრმა მოხუცებულობის ასაკში ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად, ტრაიანეს დევნის დროს იგი დააპატიმრეს, ქვებით ჩაქოლეს და თავი მოჰკვეთეს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-25
წმინდა იულიანესა და წმინდა ვასილიას სახელით ბევრი წმინდანია სადღესასწაულო კალენდრებში. სომხურ სადღესასწაულო კალენდარში მოხსენიებული ქალწულები ქალაქ ნიკომიდიიდან არიან. იულიანემ († 304) ბავშვობიდან თავი მიუძღვნა სარწმუნოებას. იმპერატორ დიოკლეტიანეს დევნის დღეებში არ მიიღო ახალგაზრდა წარმართი კაცის ქორწინების წინადადება. იგი გადაიყვანეს სასამართლოში. სასტიკი წამების შემდეგ წმინდანი წაიყვანეს დასაწვავად, მაგრამ ამ დროს კოცონი თავისით ჩაქრა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დამსწრეთაგან მრავალი კაცი მოიქცა და ადგილზევე ეწამა. იულიანეს თავს კვეთენ 309 წელს, ამ დროს იგი იყო 19 წლის.
წმინდა ვასილია († 303) ცხრა წლის გოგონა იყო, როდესაც იმპერატორ დიოკლეტიანეს დევნის პერიოდში უამრავი ტანჯვა გადაიტანა და ცოცხალი გადარჩა, რის შედეგად მოსამართლემაც აღიარა ქრისტიანობა. 309 წელს დაასრულა ნეტარი ცხოვრება.
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა იულიანესა და წმინდა ვასილიას ხსენების დღეს აღნიშნავს ორმოცდაათდღიანი მარხვის პირველი კვირის მომდევნო ორშაბათს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-21
მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი, სადაც რჩება გათხოვებამდე.
დღესასწაულის დამტკიცება უკავშირდება იმ ტაძარს, რომელიც ააშენა იუსტინიანე იმპერატორმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საპატივცემულოდ ძველი ებრაული ტაძრის ადგილზე, მორიას. ტაძრის კურთხევა გაიმართა 543 წლის 21 ნოემბერს. 638 წელს იუსტინიანეს მიერ აგებული ტაძარი გადაკეთდა მუსსლიმურ მეჩეთად, და მას შემდეგ დღესასწაული გავრცელდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში. წმინდა მარიამის ტაძრად მიყვანების დღესასწაული სომხურ ეკლესიაში აღინიშნება XVIII საუკუნიდან. დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი უძრავი დღესასწაულია.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-17
ჰისნაკი ორმოცდაათდღიანი მარხვის პერიოდია, რომელიც წინ უძღვის ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. „ჰისნაკაც ბარეკენდანი“ 7 დღის მოძრაობით აღინიშნება 15 ნოემბრიდან 21 ნოემბრამდე.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-16
გადმოცემის თანახმად, სანამ იესო ქრისტეს მიმდევარი გახდებოდა, წმინდა ანდრია იყო წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე. ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე (მათ.4:18). თავიდან მოციქული ქადაგებდა იუდეას სამარიაში, ასევე ღაზაში. ღაზადან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში, შემდგომ გადავიდა ანტიოქიაში და იქედან ედესაში. უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, ქალაქი პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს.
ფილიპე მოციქული, თორმეტ მოციქულთაგანია, წარმოშობით გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო. წმინდა მოციქულის იოანე ნათლისმცემლის თანამემამულე და მოწაფე. ქადაგებდა მცირე აზიაში და როდესაც მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, იქ წარმართებმა აწამეს. ფილიპე მოციქული ჯვარზე აღესრულა.
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა ანდრია და წმინდა ფილიპე მოციქულთა ხსენების დღეს აღნიშნავს ჯვართამაღლების მეცხრე კვირის მომდევნო შაბათ დღეს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-12
წმინდა დემეტრე დაიბადა სპარსეთში, ცხოვრობდა კონსტანტინე დიდის მეფობის პერიოდში, თაყვანს სცემდა ქრისტეს და განცალკევდა მწბინის მონასტერში, შუამდინარეთში, მოგვიანებით კი გადავიდა თეოდოსიპოლის მონასტერში, სადაც იგი ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
არ დაეთანხმა არქიმანდრიტის განზრახვას მის მღვდლად აღკვეცაზე, თავი არ მიაჩნდა ამ ხარისხისათვის ღირსად, განცალკევდა და ცხოვრობდა მდინარე ევფრატთან ახლოს მდებარე ერთ მიტოვებულ გამოქვაბულში. იმპერატორი იულიანე განდგომილი სპარსეთთან საბრძოლველად მიემართებოდა და დემეტრეს გამოქვაბულთან გავლის დროს შესასვლელთან დაინახა უამრავი ადამიანი, რომლებიც ელოდნენ განკურნებას. მან ბრძანა გამოქვაბულის შესასვლელის ქვებით ამოქოლვა. იქ იმყოფებოდნენ წმინდანი და მისი ორი მოწაფე.
შემდგომში წამებულთა სასწაულმოქმედი წმინდა ნაწილები გამოაბრძანეს გამოქვაბულიდან.
წმინდა ბასილი მღვდელი წამებულ იქნა 362 წელს იმპერატორ იულიანე განდგომილის მიერ. წმინდა ბასილმა დაადანაშაულა იმპერატორი ქრისტეს უარყოფისათვის. ამ უკანასკნელი ბრძანა ყოველ დღე წამებულის კანიდან ოთხი ნაჭრის მოჭრა. ბოლოს მისი წამებული სხეული აგიზგიზებული რკინებით განგმირეს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-11
წმინდა მელიტონ ეპისკოპოსი († 381) დაიბადა მცირე ჰაიქის ქალაქ მელიტინეში. 358 წელს გახდა მცირე ჰაიქის ქალაქ სებასტიის ეპისკოპოსი, ხოლო 360 წელს არჩეულ იქნა ანტიოქიის პატრიარქად. იგი ყოველთვის თავს იკავებდა თეოლოგიური დისკუსიებისაგან და ხალხი მისგან მოელოდა, რომ იგი შეძლებდა რელიგიური დავის გამო დაქუცმაცებულ ქალაქ ანტიოქიაში მშვიდობის დამყარებას. ნამდვილად, მას შესწევდა უნარი ქალაქის მოსახლეობის გულის მოგებისა. მაგრამ არიანელ იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ორგანიზებულ ანტიოქიის კრებაზე ამხელენ მის მართლმადიდებლობას და გადაასახლებენ. მელიტოს პატრიარქის კალამს ეკუთვნის თეოლოგიური ნაშრომი „რწმენის თხზვა“, რომელიც უამრავ დაბნეულს დაეხმარა დაბრუნებოდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. წმინდანმა მონაწილეობა მიიღო 381 წლის კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაში, თავმჯდომარეობდა მას, მაგრამ კრების დასრულებამდე გარდაიცვალა.
წმინდა მინა († 304) ეროვნებით ეგვიპტელი ოფიცერი იყო რომის არმიაში. როცა იხილა მის გარშემო არსებული სიბილწე, უსამართლობა და ბოროტება, გადაწყვიტა განდგომოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, დასახლდა ფრუგიის მთებში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ჩამოვიდა ხალხთან, დაგმო წარმართული კერპები, იქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება. რის გამოც იგი აწამეს და თავი მოჰკვეთეს.
სპარსული წარმოშობის წმინდა მელიტოსი ქრისტიანი ჯარისკაცი იყო სპარსეთის ჯარში. მან უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, აკურთხეს ქალაქ ბითრაზანის ეპისკოპოსად. არაერთხელ იქნა დევნილი კერპთაყვანისმცემლების მიერ, მაგრამ აგრძელებდა მქადაგებლობით საქმიანობას და მიაღწია სპარსეთის დედაქალაქ ტიზბონამდე. აქ მან უარი განაცხადა მზის თაყვანისცემაზე და წამებულ იქნა სპარსეთის მეფე შაპუჰის (331-378) მეფობის დროს, მასთან ერთად მოწამებრივი გვირგვინი დაიდგეს მღვდელმოწამე ბურამ და წმინდა შინუ დიაკონმა.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-09
სომხური ეკლესიის სწავლების მიხედვით, ანგელოზი მუდმივმოძრავი, უსქესო, უკვდავი, გონიერი არსებაა, გამოხატავს ღვთის ნებას და აქვს არაადამიანური შესაძლებლობა და გონიერება. ანგელოზები მომსახურე სულები არიან, ზეციური არსებები, მაგრამ მონაწილეობენ ამქვეყნიური ცხოვრების მსვლელობაში, მოღვაწეობენ დროსა და სივრცეში მცხოვრები ადამიანისათვის. ანგელოზებს უწოდებენ ასევე უფლის წარმოგზავნილებს, რომლებიც ასრულებენ უფლის ნებას. ბიბლია მოწმობს, რომ ისინი მრავალრიცხოვანნი არიან. დიონისე არისპაგელის თანახმად, ბიბლიაში მოხსენიებულია ანგელოზთა 9 დასი: სერაბიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი,
უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი (საწყისნი), მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
სახელი გაბრიელი ნიშნავს სიმტკიცეს (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ხელში ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს.
სახელი მიქაელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“ - მძლეველი ყველა ბოროტი ძალისა. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს. დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად. მიქაელ მთავარანგელოზის სახელი ოთხჯერაა მოხსენიებული ბიბლიაში (დანიელი 10:13, 11:1, იუდა, 1:9, გამოცხ. 11:7).
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-05
წმინდა აკეფსიმე ეპისკოპოსი, წმინდა იოსებ ხუცესი და აითალე დიაკონი IV საუკუნეში აწამეს. წმინდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე შაპუჰ მეორემ ქრისტიანი ღმრთისმსახურების დროს მოძებნა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმე, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო. გადმოგვცემენ, რომ, როცა ნეტარი დააკავეს, ერთმა ნაცნობმა მოახერხა, მას მიახლოებოდა და წასჩურჩულა, დაებარებინა, თუ ვის უტოვებდა სახლს. წმიდანმა უპასუხა: „ჩემო მეგობარო, უცნაური და უგნური საქმეა ამ მწირ ნაგებობაზე ზრუნვა მაშინ, როცა ზეცათა მეუფე მიბრძანებს გადასახლებას დიდების სახლში, რომელ არს ცათა შინა“. უფლის რჩეული ქალაქ არბელაში მზის კერპის ქურუმის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უარი განაცხადა სპარსთა ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს, სასტიკი წამების შემდეგ, მასთან გამოამწყვდიეს სამოცდაათი წლის ხუცესი იოსები და დიაკონი აითალეც. სამი წელი იტანჯებოდნენ წმიდანები ტყვეობაში.
წმინდა პლატონი დაიბადა ღრმად მორწმუნე ქრისტიანთა ოჯახში, ანკვირიაში. საზრდოობდა და აღიზარდა სახარების მცნებებით. ადრეული ასაკიდან დაკარგა მშობლები, გაყიდა თავისი ქონება, ფული დაურიგა ღარიბებსა და გაჭირვებულებს და თავი მიუძღვნა ღვთის სიტყვის გავრცელებას. ქრისტიანობის ქადაგებისთვის დააპატიმრეს და აწამეს. მოსამართლემ ვერაფრით ვერ შეძლო მისი დარწმუნება, რომ უარი ეთქვა ქრისტიანობაზე და კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, იგი აწამეს და თავი მოჰკვეთეს IV საუკუნის პირველ მეოთხედში.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-04
წმინდა სტეფანე პატრიარქი დაიბადა რომში, რომლის ეპისკოპოსი იყო 254 წელს, იგი იყო რომის იმპერატორ ლუკიანეს პირველი მოწამის პატრიარქის უფროსი დიაკვანი, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა. იგი მამაცი და ერთგული პატრიარქი იყო, ქრისტიანთა დევნის პერიოდში ყოველთვის ამხნევებდა თავის მრევლს, რათა ისინი რწმენაში ურყევნი დარჩენილიყვნენ. მართლმორწმუნეთა დევნის დროს იგი ფარულად ცხოვრობდა, მაგრამ განაგრძობდა ქრისტიანობის ქადაგებას და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მათ შორის იყო სამხედრო ტრიბუნი ნემეზიოსი, რომელმაც მას შემდეგ ცნო ქრისტეს მაცხოვარება, რაც მღვდელმთავარმა სასწაულებრივ განკურნა მისი ასული ლუცილა. დიაკვნად ნაკურთხი ნემეზიოსი ასულთან ერთად მოწამებრივად აღესრულა - ისინი მახვილით განგმირეს. იმავე ხანებში თავი მოჰკვეთეს თორმეტ კეთილმსახურს, რომლებიც ნეტარი მღვდელმთავრის მიერ ეზიარნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათელს. 257 წელს, წირვა-ლოცვის დროს, მეომრებმა ქრისტიანთა შორის ქადაგების დროს მიაკვლიეს მას და სიცოცხლეს გამოასალმეს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-11-02
სომხური ეკლესია ამ დღესასწაულით აღნიშნავს ყველა იმ წმინდანის ხსენების დღეს, რომელთა სახელები არ არის შეტანილი დღესასწაულთა ნუსხაში ან ეკლესიის კალენდარში, მაგრამ მათი სახელები დაწერილია ცის სასუფევლის უწმინდეს მატიანეში.
ქრისტიანობის დევნისა და სარწმუნოებისათვის მრავალი ომის დროს ბევრი ისეთი ადამიანი დაიღუპა, რომელთა სახელები, სამწუხაროდ, არ იქნა დაცული და ჩვენამდე არ მოუღწევია. შესაბამისად, ეკლესიამ დაამტკიცა ეს ბრწყინვალე დღესასწაული მათი ხსოვნის აღსანიშნავად, ვინც თავისი ძვირფასი სისხლი დაღვარა ქრისტეს რწმენისათვის, მისი იდუმალი სხეულისა და ეკლესიისათვის.