Материалы

მარტი

აღდგომის ჭრაგალუიცი

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-03-30

დიდ შაბათს აღინიშნება იესოს მიერ ჯოჯოხეთის შემუსვრა და  მართალთა სულების გათავისუფლება. საეკლესიო წესის თანახმად, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ ახალი დღე იწყება. საღამოთი აღევლინება ჭრაგალუიცის წმინდა წირვა, რომლის დასასრულს აუწყებენ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის ამბავს:  «Քրիստոս հարյավ ի մեռելոց» - "ქრისტე მკვდრეთით აღსდგა ",  პასუხია:  «Օրհնյալ է Հարությունը Քրիստոսի» -  "ნეტარ არს აღდგომა ქრისტესი".

 ამით სრულდება დიდი მარხვა.

მსაჯულის კვირა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-30

დიდი მარხვის მეხუთე კვირას  მსაჯულის კვირა ეწოდება.  დღის საიდუმლოს ხსნის ქვრივი ქალისა და მსაჯულის იგავი (ლუკა 18:1-5).    იგავი იმის შესახებაა, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. „ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: „დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან“. დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: „მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს“. თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?“

ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-29

IV საუკუნის დასაწყისში  წამებული ორმოცი მოწამე პატარა ჰაიქის (მცირე ჰაიქის) სხვადასხვა ქალაქებიდან   იყო და ქალაქ სებასტიის საიმპერატორო ჯარის სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. როცა იმპერატორი ლუკინიუსის ბრძანებით დუქსმა ლუსიასმა დაკითხა სამხედროები - ჯარში ქრისტიანი ჯარისკაცების გამოვლენის მიზნით, 40 მათგანი, რწმენის ერთგულნი, გაბედული პასუხებით    აღიზიანებენ მოსამართლეს  და მათ აპატიმრებენ.    ზამთრის ცივ ღამეს, ისინი ჩაყარეს სებასტიის მახლობლად მდებარე ტბაში, ერთმა მათგანმა ვერ გაუძლო წამებას, ამოვიდა ტბიდან და გაიქცა იქვე   მახლობლად მდებარე ქოხში, თუმცა აღასრულა სიცოცხლე, ვერც მიწიერი სიცოცხლე შეინარჩუნა, ვერც ზეციერს მიაღწია.     გარიჟრაჟზე  ყველა მოწამე გამოჩნდა ნათლის   გვირგვინით შემკობილი. მცველ ჯარისკაცთაგან ერთმა ეს რომ დაინახა,  ქრისტეს რწმენით აღივსო,  ტბაში ჩავარდა და მათსავით გვირგვინოსანი გახდა.   ღვთაებრივი   სასწაულით ზამთრის ყინვას გაუძლეს მოწამეებმა, დილით კი ისინი აწამეს. მათი ნაწილები დასვენებულია სებასტიაში, სადაც შემდგომში ააშენეს „40 ყრმის“ სახელწოდებით 40 გუმბათოვანი  ტაძარი, რომელიც თემურლენგის შემოსევამდე იდგა.   წმინდა მოწამეთა ამბავი მოგვიწოდებს -  ცხოვრების  ყველა სირთულეშიც კი ერთგულნი ვიყოთ ქრისტეს რწმენისა, გავუმკლავდეთ    ვნებებს, რათა გვეღირსოს   ზეციური გვირგვინი.

განზოგება (გაშუალედება)

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-26

განზოგებაზე დიდი მარხვა არ წყდება, ანუ ვინც მარხულობს, აგრძელებს მარხვას.  მალაქია ორმანიანის თანახმად, სახელწოდება განზოგება  ეწოდება დღეს, რომელიც აშუალედებს დიდ მარხვას, რომელსაც სადღესასწაულო მნიშვნელობა არა აქვს. განზოგებაა დიდი მარხვის მეოთხე ოთხშაბათი ანუ 24-ე დღე.  განზოგებიდან დაწყებული სიმშვიდის ღვთისმსახურების დროს ასრულებენ “სტეღის” საგალობლებს.

ხალხური ტრადიციის თანახმად, ამ დღეს დიასახლისები აცხობენ ბაღარჯს (კვერს), რომელშიც ათავსებენ მონეტას. მას, ვისაც შეხვდება მონეტა, იმ წელს წარმატება ექნება.

მნეს კვირა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-23

დიდი მარხვის მეოთხე კვირას მნეს კვირა ეწოდება, დღის საიდუმლო  აიხსნება უსამართლო მნეს არაკით.   ამას მოიხსენიებს მხოლოდ ლუკას სახარება.   არაკის შინაარსი შემდეგია: ერთ მდიდარ კაცს ჰყავდა მნე. ამბავი მოუტანეს, რომ მნე ანიავებდა მის ქონებას. დაიბარა და ანგარიში მოსთხოვა. მნე ფიქრობდა: „რა ვქნა, პატრონი მართმევს სამნეოს“. დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე   და მათ დაუთმო   ვალის ნაწილი.   შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. ერთი შეხედვით, თითქოს, წინააღმდეგობა არის ამ ქებაში. მაგრამ, უსამართლო მმართველმა       მოვალეებს უბოძა ის, რაც თავის სასარგებლოდ ეწერა, ვალის ბოძებით არანაირი ზიანი არ მიაყენა პატრონს.  რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში.  და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში.  მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა.   ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ?  და თუ სხვისას არ უერთგულებთ, თქვენსას ვინ მოგცემთ?  არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!“. სანაქებოა  უარის თქმა, რაც  ზუსტად მარხვის აზრია. 

მარხვა ადამიანს სძენს რაიმე  ცდუნებაზე უარის თქმის უნარს,   საიდანაც იწყება თვითშეკავება. არაკის   ალეგორიული მნიშვნელობა ისაა, რომ მდიდარი კაცი უფლის განსახიერებაა, მნე კი - ცოდვილის, ვინც დიდი დროის მანძილზე ანიავებს უფლის ბოძებულს იქამდე, სანამ უფალი მას პასუხსაგებად არ იბარებს.   უსამართლო მმართველი ასახიერებს ყველა იმას, ვინც მოინანია,   მიუტევა მევალეებს   და გახდა   ანგელოზთა და სამართლიანთა საყვარელი.

იერუსალიმის პატრიარქი წმინდა იოანეს, სომეხთა კათოლიკოსის წმინდა ჰოვანეს ოძნელის (ოძუნელის), ვარდაპეტების წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცისა და წმინდა გრიგორ ტათევაცის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-22

დიდი მარხვის მესამე შაბათ  დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია  აღნიშნავს გამოჩენილი თეოლოგების - სასულიერო პირების წმინდა ჰოვანეს ოძნელი კათოლიკოსის, წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცის და წმინდა  გრიგორ ტათევაცი ვარდაპეტის ხსენების დღეს. წმინდა ჰოვანეს ოძნეცი, რომელსაც ასევე „იმასტასერს“ უწოდებდნენ, სომეხთა ეკლესიის წმინდანად შერაცხილი ერთ-ერთი კათოლიკოსია. ისტორიკოსების ცნობების თანახმად, გარდა სულიერი და ინტელექტუალური სრულყოფისა, ის   გამოირჩევა ასევე ელეგანტურობით. კათოლიკოსობის  11 წელი (717-728 წწ.) წმინდა ჰოვანეს ოძნეცი კათოლიკოსი უმკლავდებოდა  არაბულ  და ბიზანტიურ შევიწროებებს, იბრძოდა   სექტანტობის   წინააღმდეგ. წმინდა კათოლიკოსმა ჰოვანეს ოძნეციმ  დაგვიტოვა    მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მისი „სომხურ კანონთა კრებული“ სომხურ სინამდვილეში პირველი დიდი იურიდიული    კრებულია, სადაც თავმოყრილია საეკლესიო  კანონები, იგი ასევე ცნობილია როგორც ავტორი  მრავალი საეკლესიო თხზულებისა.   წმინდა ჰოვანეს კათოლიკოსის  მთავარ  ინიციატივად ითვლება 726 წლის დვინის კრება შეკრებილი   სომხური ეკლესიის კეთილმოწყობისათვის, ასევე იმავე წლის მანაზკერტის კრება, რომელიც შეიკრიბა სომხურ  და სირიულ  ეკლესიებს შორის კავშირის გასამტკიცებლად.  კათოლიკოსის   წმინდა ჰოვანეს ოძნეცის საფლავი მდებარეობს თავის მშობლიურ ოძუნთან - სოფელ არდვის სრბანეს (სურბ ჰოვანეს) ეკლესიის ეზოში,   რომელიც გახდა სანუკვარი მოსალოცი ადგილი მორწმუნე სომეხთათვის. 

ერთმანეთთანაა დაკავშირებული   წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცი (1315-1388)   და წმინდა  გრიგორ ტათევაცი (1346-1410) ვარდაპეტების  სახელები.  წმინდა  გრიგორ ტათევაცი, სომეხთა ეკლესიის   სწავლული და უდიდესი თეოლოგი, სწავლობდა  წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცისთან, შემდგომში  განავითარა  თავისი მასწავლებლის   მიერ დაარსებული ცნობილი ტათევის სკოლა. იგი ავტორია უაღრესად ღირებული სასულიერო ნაშრომებისა და ქადაგებებისა, რომელთაგან გამოირჩევა „გირქ ჰარცმანც“ და ქადაგებების წიგნები. ტათევაცის ჩანაწერების წყალობით მოაღწია ჩვენამდე წმინდა ჰოვანეს ვოროტნეცის  ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ. ჰოვჰან კათოლიკოსი ცნობილი მქადაგებელი იყო.

უძღები შვილის კვირა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-16

სომეხთა სამოციქულო ეკლესიას მორწმუნეთათვის დაწესებული აქვს მონანიებისა და მარხვის პერიოდი, რომლის ყოველ კვირა დღეს, ბიბლიის რომელიმე ისტორიის შესაბამისად,  აქვს თავისი სახელწოდება. დიდი მარხვის მესამე კვირა დღეს  უძღები შვილის კვირა ეწოდება, ლუკას სახარების    უძღები შვილის შესახებ იგავის შესაბამისად (იხ. ლუკა 15:11-32), ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. უმცროს შვილს მისი თხოვნით მამამ ქონებიდან თავისი წილი მისცა. ის წავიდა შორეულ ქვეყანაში, დაიწყო იქ უწესოდ ცხოვრება და გაფლანგა ყველაფერი. მალე იმ ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ის ღორის მწყემსად დაუდგა ერთ იქაურ კაცს და მოხარული იქნებოდა, ღორების საჭმელი რომ მაინც ჰქონოდა თავისთვის, მაგრამ იმასაც არ აძლევდნენ. გაჭირვებამ ჭკუა ასწავლა: გაახსენდა მამა, სინანული იწყო და გადაწყვიტა, მამასთან დაბრუნებულიყო და მოჯამაგირედ მაინც დასდგომოდა. ასეც მოიქცა. როცა მამამ ის შორიდან დაინახა, შეებრალა, მიეგება, გადაეხვია და კოცნა დაუწყო. შემდეგ მოსამსახურეებს უბრძანა, შეემოსათ იგი საუკეთესო ტანსაცმლით, ბეჭედი წამოეგოთ თითზე, ფეხსაცმელი ჩაეცმიათ და ლხინი გაემართათ.   უფროსმა შვილმა   იწყინა და არ უნდოდა სახლში შესვლა. გამოვიდა მამა მის დასაძახებლად, მაგრამ მან უპასუხა: „შენ ჩემთვის ერთი თიკანიც არ მოგიცია არასდროს, რომ მეგობრებთან მომელხინა, ხოლო მისთვის, რომელმაც თავისი ქონება გაფანტა უწესოდ, დაკალი ნასუქი ხბო“. მამამ უთხრა: „შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და ყოველივე ჩემი შენია. ჩვენ ის უნდა გვიხაროდეს, რომ შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. უფროსი და უმცროსი შვილები სამართლიანი და  ცოდვილი სულებია, და როგორც მამა იღებს უძღებ  შვილს, ისევე ღმერთი იღებს ცოდვილს, რომელმაც მოინანია.

იერუსალიმის წმინდა პატრიარქ კირილეს, წმინდა კირილე ეპისკოპოსის და მისი დედის წმინდა ანას ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-15

წმინდა კირილე    დაიბადა იერუსალიმში  315 წელს. მკაცრი ქრისტიანული ღვთისმოსაობით აღზრდილი კირილე მღვდელმონაზვნად აღიკვეცა, ხოლო 346 წელს პრესვიტერად აკურთხეს.  იერუსალიმის პატრიარქის ხარისხში მყოფი კირილე მხნედ იბრძოდა არიოზისა და მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ. ამით არიოზის მიმდევარი ეპისკოპოსების რისხვა დაიმსახურა. არიანელებმა მოახერხეს კირილეს ტახტიდან ჩამოგდება და იერუსალიმიდან გაძევება.  იმპერატორ იულიანეს დაღუპვის შემდეგ წმინდა კირილე კვლავ დაუბრუნდა კათედრას, მაგრამ იმპერატორ ვალენტის   მეფობის დროს მესამედ იქნა გადასახლებული. მხოლოდ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის   დროს წმინდა კირილე დაუბრუნდა სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. 381 წელს წმინდა კირილემ მონაწილეობა მიიღო II მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელმაც დაგმო მაკედონიუსის ერესი და ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო დაამტკიცა.

წმინდა კირილეს უამრავი თხზულებაა ნათარგმნი სომხურ ენაზე. 351 წლის სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში ღვთიური გამოცხადება მოხდა: ცაზე გამოჩნდა ბრწყინვალე ჯვარი, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო განრთხმული. კირილემ ამ გამოცხადების შესახებ შეატყობინა არიანელ იმპერატორ კონსტანცის   და ეცადა მის მოქცევას მართლმადიდებლობაზე. ამ წერილს დღემდე კითხულობენ სომხურ ეკლესიებში.   განსაკუთრებით ცნობილია 23 სწავლება და ორი საუბარი სახარებისეულ თემებზე: „განღრვეულისათვის“ და „წყლის ღვინოდ გადაქცევისათვის კანას გალილეაში“.  წმინდა კირილე გარდაიცვალა 386 წელს.

გადმოცემის თანახმად, იერუსალიმის წმინდა იაკობის ეკლესიის წმინდა სტეფანოსის სამლოცველოში მდებარეობს ის აუზი, სადაც მოინათლა წმინდა კირილე პატრიარქი. წმინდა კირილე პატრიარქის სახელი სომეხთა ეკლეისაში მოიხსენიება ორჯერ, დიდი მარხვის მეორე შაბათ დღეს და 12 ვარდაპეტთან ერთად - ოქტომბრის ბოლო შაბათს.

წმინდა კირილე პატრიარქის თანამედროვეა წმინდა კირილე ეპისკოპოსი   (ყოფილი სახელწოდება იუდა). ისტორიული წყაროების თანახმად, იგი დაეხმარა ელენეს მოეძებნა  ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვარი და როცა დაინახა წმინდა ჯვრის    სასწაულებრივი  ძალა, დედამისთან - ანასთან ერთად მოინათლა და შეიცვალა სახელი - გახდა კირილე.    იგი დედამისთან ერთად  სასტიკად აწამეს  იულიანე განდგომილის დევნის დროს. მათი ხსენების დღეს სომხური ეკლესია აღნიშნავს კირილე ეპისკოპოსის ხსენებასთან ერთად, დიდი მარხვის მეორე შაბათ დღეს.

განდევნის კვირა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-09

დიდი  მარხვის მეორე კვირა დღეს  ეწოდება განდევნის დღე. დღის საიდუმლოსა და სახელწოდების შესახებ ბიბლიაშია ნათქვამი:  „და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა განცხრომის სამოთხიდან მიწის დასამუშავებლად, რომლიდანაც იყო აღებული. და განდევნა ადამი და დაასახლა იგი განცხრომის სამოთხის პირდაპირ, და დაადგინა ქერუბიმი და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი ცხოვრების ხის გზის დასაცავად“. (დაბ. 3:23.24).  წინაისტორია   ასეთია: ადამიანმა დაუჯერა ეშმაკს,  დააგემოვნა აკრძალული ხილი, უთხრა ღმერთმა: „აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა, და ახლა აღარასოდეს გაიწოდოს ხელი და არ აიღოს ცხოვრების ხიდან და არ შეჭამოს, და არ იცოცხლოს საუკუნოდ“.     (დაბ. 3:19).

სასულიერო მამებს ისე გონივრულად აქვთ დალაგებული დიდი მარხვის კვირა დღეები და ისეთი სახელწოდებები აქვთ მინიჭებული, რომლითაც ცხადი ხდება კაცობრიობის განვლილი ცხოვრების გზა - შობა, ცოდვა, მონანიება.    ეს თავისთავად ადამიანს ერთხელ კიდევ აძლევს ფიქრის საბაბს, რომ ვიფიქროთ მარხვის პერიოდის შედეგიანად გატარებაზე.

წმინდა თეოდორეს ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-08

წმინდა თეოდორე მხედართმთავარი ქრისტიანთა საერთო  წმინდანია, რომლის ხსენების დღეს   სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს დიდმარხვის პირველ შაბათ დღეს. ისტორიკოსების ცნობებით, იგი   დაიბადა ამასიის სოფელ საროში  და ჰყავდა ღრმად მორწმუნე ქრისტიანი მშობლები. მე-4 საუკუნის დასაწყისში, დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანების დევნის პერიოდში, მას მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ჯარის სარდალმა   წმინდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმინდანმა „ღმერთების დედის“ - სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო. გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ. იგი ცეცხლზე დაწვეს 306 წელს.  წმინდა  თეოდორე   მხედართმთავარი  ცნობილია, როგორც დრაკონის  მკვლელი, რომელმაც სიმამაცითა და   რწმენით  დაამარცხა გიგანტური დრაკონი.   უცხო ეკლესიებში ცნობილია სახელად „დირონ“, რაც ბერძნულად ნიშნავს ახალწვეულ ჯარისკაცს.

დიდი მარხვა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-03
Astvacashunch1

დიდი მარხვის პერიოდში იღებენ მხოლოდ  მცენარეული წარმოშობის საკვებს.    მარხვის დროს უარს  ამბობენ არა მხოლოდ გარკვეულ  საკვებზე, არამედ „მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება“. 

მაგრამ მარხვა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას როდი ნიშნავს, ჭეშმარიტი მარხვა ბოროტისაგან განშორებაა, რადგან შეიძლება ხორცი არ სჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო, ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გინება ვერ დათმო, საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან, მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო. ვაი მათდა, რომელნიც უღვინოდ არიან მთვრალნი (ესაია 51,2), რადგან გულისწყრომაც, რომელიც გონებას ახშობს და უადგილოდ აღძრული შიშიც, სიმთვრალედ იწოდება. ცუდია ვნებებით თრობა, მაგრამ არც ღვინით დათრობა გვმართებს. სიმთვრალით ისევე ვერ შეინახავ მარხვას, როგორც ანგარებით ვერ მისწვდები სიმართლეს, შეგინებით – სიწმიდეს და უკეთურებით - სათნოებას. მონაც კი გაურბის ბატონს, რომელიც ურტყამს, ჩვენ კი ვერ განვშორებივართ ღვინოს, რომელიც თავში გვირტყამს და ეს მაშინ, როცა ჩვენში ის უნდა მივიღოთ, რომელმაც თქვა: მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ (იოანე 14,23).   სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. „ქადაგება მთაზე“-ში მაცხოვარი ბრძანებს: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად“ (მათე 6, 17-18).

ნუ განუდგები, საყვარელო, მარხვას, რამეთუ იგია დედა სათნოებათა, საფუძველი სიკეთისა, წყაროა უბიწოებისა და მცველია ღვთისმოსაობისა. იგია გამომზირალი წმინდათა, თანამყოფია ანგელოზთა, წინამებრძოლი ბოროტი ძალისა, მეგობარი წმინდა სულისა; მის გამო გვშორდებიან ვნებანი და გვცილდებიან ეშმაკეულნი, მისი მიზეზით ცხრება მრისხანება, ითრგუნება ავხორცი გულისთქმა, ცოცხლდებიან და ბრწყინდებიან ჩვენში სათნოებანი; მისი წყალობით მშვიდდებიან ვნებანი და ყუჩდება გულისთქმათა ამბოხი; გონება თითქოსდა წყნარ ზღვაში ექცევა, იგი წარმატებით ებრძვის უკეთურ საქმეთა ქარიშხლის მღელვარებას და ხომალდი სათნოებათა ნავთსაყუდელში მიჰყავს. მარხვა მოგაგებს უხრწნელ გასამრჯელოს, მის საზღაურს ვერაფერი გაანადგურებს, თუკი სულიწმიდის მცნებებს აღასრულებ, თუკი ღვთის შიშში განმტკიცებული უარჰყოფ წუთიერს და მიჰყვები წმინდა წერილი სიტყვებს: „ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღაჲრა არს სოფლისა ამისი“ (1 იოანე 2, 15).

იესომ იმარხულა   ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად, კაცობრიობის მაგივრად   მან მოინანია, რომ ყველას მარხვამ აზრი შეიძინოს და  რეალობად იქცეს მისი მარხვის წყალობით. ორმოცდღიან მარხვას მოჰყვება მარხვის კიდევ ერთი ერთკვირიანი პერიოდი - ვნების კვირა. ესაა მიზეზი, რომ 40-დღიანად წოდებული მარხვა გრძელდება 48 დღე.    დიდ მარხვას აქვს    შვიდი კვირა დღე, შვიდი    ყურადსაღები დღე - ძირითადი ბარეკენდანი, განდევნის,  უძღები შვილისა,   უსამართლო მნესი, მსაჯულის, მეორედ მოსვლის, ბზობის. ტრადიციის თანახმად, დიდი მარხვის განზოგების (გაშუალედების) - მიჯინქის, დღეს სამარხვო ქადას ამზადებენ, რომელშიც მონეტას ათავსებენ. ვისაც წილად ხვდება ეს მონეტა,   მისთვის წარმატება მოაქვს. დიდი მარხვის პერიოდში აკრძალულია ჯვრისწერები და   მსხვერპლშეწირვები. მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ვაზგენ პირველმა  ჯვრისწერის ნება დართო დიდი მარხვის შაბათ და კვირა დღეებში, გარდა ვნების კვირის შაბათისა.  

დიდი მარხვის მომდევნო კვირას ვნების კვირა ეწოდება და მოიცავს იესოს ტრიუმფალურ შესვლას იერუსალიმში (ბზობა),   საიდუმლო სერობას, ღალატს,  ვნებას, ჯვარცმას, სიკვდილს, დაკრძალვას   და ბრწყინვალე აღდგომას.

ძირითადი ბარეკენდეანი

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-02

ჩვეულებრივ ბარეკენდანი ეწოდება ერთკვირიანი მარხვებისა და დიდი მარხვის  წინა დღეებს.  ბარეკენდანზე  ნებადართულია ზომიერი სიამოვნებები, ქეიფები,   თამაშები და სხვადასხვა კერძები, ელიასადმი მიმართული  ანგელოზის სიტყვის  დასკვნად,  "ადექ, ჭამე, იმიტომ, რომ   დიდი გზა გვაქვს გასავლელი" (გ, მეფობა 19:7). „ბარეკენდანი“  სიტყვასიტყვით ნიშნავს  "ცოცხლად ყოფნას, კეთილ  ცხოვრებას" .

დიდი მარხვის ბარეკენდანს ეწოდება ძირითადი ბარეკენდანი, ვინაიდან იგი წინ უსწრებს    ყველაზე გრძელ მარხვას. ბარეკენდანი ადამიაინის  ბედნიერების ხსოვნაა, რომელსაც   სამოთხეში განიცდიდნენ ადამი და ევა. ის არის  ედემური  ცხოვრების მაგალითი, სადაც ადამიანი პრივილიგებური იყო, უფლება ჰქონდა მიერთვა ყველა ნაყოფი,   გარდა   სიკეთისა და ბოროტების - ცოდვის ხის ნაყოფისა, რომელიც მარხვის სიმბოლოა. ბარეკენდანი სათნოების გამოხატულებაა. ამ დღეს ადამიანი გლოვიდან გადადის სიხარულზე, წვალებიდან სიმშვიდეზე. ამ  გააზრებით ყოველი ქრისტიანი  თავმდაბლობით, მონანიებით, მარხვითა და შეწყალების მიღების იმედით იწყებს 40-დღიანი მარხვის გზას, რომელიც გრძელდება 48 დღე - ბუნ ბარეკენდანიდან      აღდგომის დღესასწაულამდე.  

დიდი მარხვის პერიოდში იღებენ მხოლოდ  მცენარეული წარმოშობის საკვებს.    მარხვის დროს უარს  ამბობენ არა მხოლოდ გარკვეულ  საკვებზე, არამედ „მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება“.

კონსტანტინეპოლის 150 წმინდა პატრიარქის (381 წ.) ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-01

სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მსოფლიო ეკლესიის წინაშე იდგა დოგმატური,  ადმინისტრაციულ- ორგანიზაციული პრობლემები, ამგვარ საკითხებზე   პასუხის გაცემა ხდებოდა მსოფლიო საეკლესიო კრებების დროს. ერთ-ერთი ასეთი კრება იყო 381 წელს იმპერატორ  თეოდოსის  ბრძანებით მოწვეული  კონსტანტინეპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრება.  

არიანული დავის შედეგად გაჩნდა  ახალი ერესი, რომლის დამცველი და  ხელმძღვანელი იყო   კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი მაკედონი, რომელიც უარყოფდა  სულიწმინდის ღვთაებრივ ბუნებას.     ამ საკითხზე მოწვეული ზემოაღნიშნული მსოფლიო საეკლესიო კრება,  სხვა ერესთა უარყოფის მიზნით, ამტკიცებს  მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიკეის სიმბოლოს, ხელახლა ამტკიცებს ნიკეის კრებაზე მიღებულ ქრისტიანობის ძირითად დოქტრინებს.    კრებამ დაგმო მაკედონიუსის ერესი და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით, სულიწმინდა არის ცხოველმყოფელი ღმერთი, რომელიც მამისაგან გამოდის და მამასთან და ძესთან ერთად თაყვანსაცემი და სადიდებელია.   სომეხთა ეკლესია აღიარებს  რა აღნიშნულ მსოფლიო კრებას, აღნიშნავს კრების მონაწილე 150 წმინდა პატრიარქის ხსენების დღეს.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge