- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-04-28
ეს დღესასწაული იერუსალიმში წმინდა ჯვრის ნიშნის გამოჩენის ხსოვნაა. 351 წელს გოლგოთადან ზეთისხილის მთამდე ცაზე გამოჩნდა სინათლის ჯვარი. ამ საოცარი მოვლენის შესახებ იერუსალიმის ეპისკოპოსმა კირილემ წერილი მისწერა კონსტანტინოპოლის იმპერატორ კონსტანტინეს და ეს საოცარი მოვლენა მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმართლის მტკიცებად მიიჩნია. ამიტომ, კირილე იერუსალიმელი მოუწოდებს იმპერატორ კონსტანტინეს უარი თქვას არიანელთა დაცვაზე. იერუსალიმის ეპისკოპოსის კირილეს წერილი ნათარგმნია სომხურად და ყოველწლიურად იკითხება წმინდა ჯვრის გამოჩენის დღესასწაულზე. სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა ჯვრის დღესასწაულს ზეიმობს წმინდა აღდგომის დღესასწაულიდან 28 დღის შემდეგ. ვინაიდან წმინდა აღდგომის დღესასწაული მოძრავია, წმინდა ჯვრის დღესასწაულიც მერყეობს 19 აპრილიდან 23 მაისამდე.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-04-21
სომხური სამოციქულო ეკლესიის კალენდრით, აღდგომის დღესასწაულის მომდევნო კვირა დღეებს სპეციალური სიმბოლური სახელწოდებები აქვთ. წმინდა აღდგომის მომდევნო მეოთხე კვირას ეწოდება წითელი კვირა. წითელი ქრისტეს ეკლესიისა და რწმენისათვის თავდადებულ მოწამეთა სისხლის სიმბოლოა. ქრისტიანობის ადრეულ პერიოდში, როდესაც ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ, ბევრმა არჩია მომკვდარიყო, ვიდრე ეღალატა სარწმუნოების იმ პრინციპთათვის, რომლებიც კაცობრიობას უანდერძა განხორციელებულმა ღმერთმა, იესო ქრისტემ, "უფლის თვალში საპატიოა მის წმინდანთა გარდაცვალება" (ფსალმ. 115:15), მაგრამ დღეს არ არის საჭირო წამება და სისხლის ღვრა, გარდაცვალებამ, ბრძოლამ ცოდვისა და ბოროტების წინააღმდეგ და გამარჯვებამ სრულიად სხვა შინაარსი შეიძინა. „იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე, ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად“ - განაცხადა პავლე მოციქულმა (ებრ. 12:3-4) და ყველა ქრისტიანი დაარიგება: „რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს.ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად - ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ“(რომ. 6:10 - 11).
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-04-14
იესო ქრისტეს წმინდა აღდგომის დღესასწაულის მომდევნო მესამე კვირას ეწოდება მსოფლიო ქრისტიანთა სამლოცველოს კვირა (მწვანე კვირა), იერუსალიმის პირველი ეკლესიის დაფუძნების ხსოვნის ნიშნად. ამ ეკლესიად მიიჩნევა სიონის ზედა ოთახი, სადაც იესო ქრისტემ დააწესა წმინდა ზიარების საიდუმლო. დღესასწაული, ხალხური გადმოცემის თანახმად, უკავშირდება გაზაფხულზე ბუნების აღორძინებას.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-04-07
აღდგომის განახლება ეწოდება სამი მიზეზის გამო.
აღდგომა თავისუფლებას ნიშნავს და ეს დღე ორმაგი თავისუფლების დღედ არის მიჩნეული. უფალმა ჩვენ ცოდვებისგან გვიხსნა, თუმცა ჩვენ ვიმყოფებით ვნებათა ზეგავლენის ქვეშ. ხოლო როდესაც უფალი ყველაფერს ახლიდან აკეთებს და ყველა საჭიროებებისაგან გვათავისუფლებს, ამას ეწოდება აღდგომის განახლება. აღდგომის განახლება ეწოდება ჩვენი აღდგომის მიზეზის გამო. ქრისტემ პირველ კვირას აღდგა თავისი სულით და სიძლიერით, ხოლო მეორე კვირას სხეულით და ჩვენ კი გარდაცვლილთაგან აღდგომით უკვდავება უნდა მოვიპოვოთ. დღესასწაულს ახალი კვირა და აღდგომის განახლება ეწოდება, რადაგნ ახლებურად აღვნიშნავთ ჩვენი სულის ხსნას, სულიერი სიხარულით და სადღესასწაულო განწყობით.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-04-06
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო შაბათი დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში აღინიშნება იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე. სახარებების (მათე, მარკოზი) თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედია, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, მონათლა ასევე იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის უდიდესი წმინდანია. წმინდანის სახელს ღვთისმსახურების დროს იხსენებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ. გადმოცემის თანახმად, წმინდა გრიგოლ განმანათლებელს კესარიიდან სომხეთში ჩამოუტანია წმინდანის წმინდა ნაწილები და დაუსვენებია ქალაქ მუშთან, სადაც შემდგომში აუგიათ მონასტერი „სურბ კარაპეტ“.
წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის მორწმუნეთა მფარველი წმინდანი და ყოველი მორწმუნე, ვინც ლოცვით მიმართავს წმინდანს, იღებს მის მოწყალებას.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-04-20
იესო ქრისტეს დიდებული აღდგომის დღესასწაული, რომელსაც სომხურად უწოდებენ ზატიკს, რაც ნიშნავს გამოყოფას, მოცილებას, ცოდვებისაგან დაშორებას და დაბრუნებას ღმერთთან. აღდგომა ორივე, როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმით მიიჩნევა ძირითად საეკლესიო დღესასწაულად. ჯვარცმული ქრისტე კლდეში გამოკვეთილ საფლავში დაასვენეს და ლოდი მიაგორეს, დაუყენეს მცველთა დასი. სამი დღის შემდეგ, კვირა დილით, როცა მარიამ მაგდალინელი, იაკობის დედა მარიამი და სალომე მივიდნენ, რომ ქრისტეს სხეული არომატული ზეთებით სცხონ , ამ დროს მათ გამოეცხადა ორი ანგელოზი და თქვეს: "რატომ ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის: ის არ არის აქ, არამედ აღდგა" (ლუკა 24:5-6). მოხდა უდიდესი სასწაული: ქრისტე აღდგა! აქედან შეიძლება უკვე მივიჩნიოთ, რომ დაიწყო აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა.
აღდგომის ამბავი ქალებმა ახარეს მოციქულებს, შემდეგ იესო გამოეცხადა მათ. ქრისტეს აღდგომა გახდა ქრისტიანული ქადაგების და რწმენის საფუძველი: "თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, მაშინ ქრისტე არ აღმდგარა. და თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ამაოა, ამაოა თქვენი რწმენაც "(I კორნთ. 15:13-14). სააღდგომოდ მორწმუნეები კვერცხებს ღებავენ. კვერცხი არის სიმბოლო აღდგომისა და ახალი ცხოვრების დასაწყისისა, წითელი ფერი - ჯვარცმული ქრისტეს სისხლისა, რომელიც დაიღვარა კაცობრიობის ხსნისათვის. წმინდა გრიგოლ ტათევაცის თანახმად: "ჩვენ მხოლოდ აღდგომას ვღებავთ კვერცხს, ვინაიდან კვერცხი სამყაროს ნიმუშია, როგორც ბრძენნი ამბობენ, „ნაჭუჭი ცას ჰგავს, გარსი - ჰაერს, ცილა - წყალს, გული კი - დედამიწაა. წითელი ფერი კი განასახიერებს იმას, რომ სამყარო ქრისტემ სისხლით გამოისყიდა და ჩვენ წითელი კვერცხის ხელში აღებით ვაცხადებთ ჩვენს გადარჩენას“. აღდგომის დღესასწაულის წინა საღამოს ეკლესიებში აღევლინება ჭრაგალუიცის წმინდა წირვა, რითაც იწყება აღდგომის დღესასწაული. დილით ეკლესიებში ღვთისმსახურებები ტარდება, ანდასტანის ცერემონია, შემდეგ - წმინდა წირვა. წმინდა აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეები ერთმანეთს ესალმებიან «Քրիստոս հարյավ ի մեռելոց» - "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით ", პასუხია: «Օրհնյալ է Հարությունը Քրիստոսի» - "ნეტარ არს აღდგომა ქრისტესი".
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-03-18
დიდ პარასკევს მეორენაირად წითელი პარასკევიც ეწოდება. ეს დღე ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვარიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.
მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი", სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-04-17
ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. "დიდი ხუთშაბათი", დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა ბანვას, საიდუმლო სერობას, გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. უფლის მაგალითით, მღვდელი ეკლესიის საკურთხეველზე მუხლმოდრეკილი ფეხებს ჰბანს 12 ბავშვს ან ეკლესიის მსახურებს და ზეთს სცხებს მათ.
დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც სახარებიდან ამოკრებილი ნაწყვეტები იკითხება.
არსებობს ძველი ტრადიცია, რომლის თანახმადაც, სანთელი, რომელიც სახარების კითხვისას ხელში გვეჭირა, ასევე ანთებული უნდა წავიღოთ სახლში.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-04-16
ვნების კვირის ოთხშაბათს იხსენებენ ბეთანიაში ქალის მიერ იესო ქრისტესთვის ნელსაცხებლის ცხებას და უფლის ღალატს. ქალი პატიოსანი და ძვირფასი ზეთით სცხებს იესოს. ამის შესახებ სახარებიდან ცნობები გვაქვს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. მოწაფეები გაბრაზებულები არიან, რადგან ამ ზეთის გაყიდვის შედეგად ბევრი ღატაკისთვის მოწყალების გაცემა შეიძლებოდა. იესო პასუხობს მოსწავლეებს "ყოველ ჟამს ღატაკები თქვენთან არიან, მე კი ყოველთვის ვერ ვიქნები თქვენთან, ჩემს სხეულზე ამ ზეთის ცხებით, მან ჩემი დაკრძალვა განაპირობა.
მაგრამ სიმართლეს გეუბნებით, იქ, სადაც ეს სახარება იქადაგება, ის და მისი გაკეთებული ეხსომებათ“ (მათ. 26:11-13) ვნების კვირის ოთხშაბათი იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება იუდას ვერცხლისმოყვარეობასა და გამცემლობას კიცხავს და ჰგმობს. ვნების კვირის ოთხშაბათი მოგვიწოდებს ბოროტად არ გამოვიყენოთ ღვთის სიყვარული და ნდობა, ყოველთვის გვახსოვდეს მისი წამება და სიკვდილი კაცობრიობისთვის, არ გადავუხვიოთ ჭეშმარიტ გზას და ვადიდოთ უფალი.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-04-15
(მათ. 25:1-13) დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ. ამ დღეს წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ. ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისკენ.
ვნების კვირის სამშაბათს საღამოს ღვთისმსახურების დროს ეკლესიაში გამოდის ათი ბავშვი. ხუთ მათგანს დანთებული სანთელი აქვს ხელში, რაც სიმბოლურად გონიერ ქალწულებს განასახიერებს, დანარჩენ ხუთს - ჩამქრალი სანთლები, უგუნურ ქალწულთა განსასახიერებლად.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-04-14
დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენიებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ ჰპოვა. ეკლესია დიდ ორშაბათს ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებს. როდესაც იესო იერუსალიმიდან დაბრუნებისას ახმობს უნაყოფო ლეღვის ხეს და ამბობს: "ყველაფერს, რასაც თქვენ ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ" (მათე 21:22)
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-04-13
წმინდა აღდგომის წინა კვირა დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ბზობის დღესასწაულს, რომელიც განასახიერებს ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში. სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ II-მ ბზობის დღესასწაული გამოაცხადა ბავშვების კურთხევის დღედ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლის იერუსალიმში შესვლის დროს ბავშვები შეეგებნენ მას, შეძახილებით „კურთხეულ იყოს ძე დავითისა“, (მათ. 21:15), იესუ მოვიდა ღარიბების საქადაგებლად, ტკივილების მოსაშუშებლად, ტყვეების გასათავისუფლებლად და უსინათლოთათვის მხედველობის დასაბრუნებლად. მოსახლეობა იესოს ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9) და სხვა. ეკლესიის მამათა სწავლების თანახმად, იესოს ფეხებქვეშ ტანსაცმლის გაგება ცოდვებისაგან გათავისუფლების სიმბოლოა. რტოების ჩუქება კი - პატივისცემის გამოხატულება. ზეთისხილის და პალმის ტოტების ჩუქება ქრისტესთვის, რომელმაც ლაზარე აღადგინა მკვდრეთით, სიმბოლურად სიკვდილზე გამარჯვებაა.
ბზობის წინა შაბათ დღეს სრულდება ბზობის წინასადღესასწაულო ცერემონია, იხსნება საკურთხევლის ფარდა და მეორე დღეს, ღვთისმსახურების შემდეგ აღევლინება საღმრთო ლიტურგია. ბზობის დილით ეკლესიაში აკურთხებენ ზეთისხილის ან ტირიფის ტოტებს და ურიგებენ მორწმუნეებს. ტირიფის ტოტები, რომლებიც უნაყოფოა, განასახიერებენ კერპთაყვანისმცემლებს, რომლებმაც ნაყოფი გამოიღეს მხოლოდ ქრისტესათვის ჩუქების შემდეგ. რტოების სირბილე სიმბოლოა ქრისტეს მიმდევრების თავმდაბლობისა.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-04-12
დიდი მარხვის 41-ე დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში ლაზარეს აღდგინების ხსოვნის დღეა. ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-12 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი. იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები. ლაზარეს აღდგინების ეპიზოდს ლამაზი სათაური აქვს: „და იესო ატირდა...“ იესოს ტირილის დანახვით, ებრაელები ამბობენ : "ნახეთ, როგორ უყვარდა იგი". ქრისტეს ტირილი შემდგომში ყველას მიმართ მისი უსაზღვრო სიყვარულის მოწმობაა. უფალმა თქვა, რომ თავად ის იყო ყოველთათვის სიცოხლე: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე”.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-04-06
უფალი გვაუწყებს მეორედ მოსვლის შესახებ. როდის მოხდება ეს მეორედ მოსვლა არავინ იცის, მაგრამ როგორც საღვთო წერილი გვაუწყებს, ის მაშინ იქნება, როცა ადამიანი სულიერად ისე დაეცემა, რომ გაქრება სიყვარული თვით უახლოესთა შორისაც კი და სარწმუნოება დაიკარგება. ადამიანის დანიშნულება ამ ქვეყნად მხოლოდ მიღება და მოხვეჭაა, რა თქმა უნდა, ასეცაა, მაგრამ ადამიანმა უფრო მეტი უნდა გასცეს მეორე ადამიანის და ქვეყნისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი ნეტარებისა და სიყვარულისთვისაა დაბადებული და ეს სიყვარული საქმით უნდა გამოვლინდეს. ყველა ქრისტიანულ ეკლესიას აქვს კვირა, მეორედ მოსვლის სახელზე.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-04-05
პირველი სომეხი კათოლიკოსის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხსენების დღე სამი ხსენების დღიდან ერთი-ერთია და წლის განმავლობაში - პირველი. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის კალენდრით, აღინიშნება დიდი მარხვის მე-6 კვირა დღის წინა შაბათ დღეს. დღესასწაული აღინიშნება ხორ ვირაპში წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ტანჯვის ხსენების ნიშნად.
ისტორიული წყაროების თანახმად, წმინდა გრიგოლ განმანათლებელი მთავარ ანაკ პართევის შვილი იყო. ანაკ პართევმა მოკლა არშაკუნიანთა მეფე ხოსროვი, შემდეგ იგი თვითონ სომეხმა მთავრებმა მოკლეს. მისი შვილი, გრიგოლი, გაიზარდა და განათლებას მიიღო კესარიაში, როგორც ღრმად მორწმუნე ქრისტიანმა, მოგვიანებით კი გახდა ხოსროვ მეფის შვილის - ტრდატ მეფის სამეფო კარის მწიგნობართუხუცესი. თუმცა, როდესაც შეიტყო, რომ გრიგოლი ქრისტიანია, თანაც მეფის მკვლელის შვილი, ტრდატმა იგი აწამა და გამოკეტა ხორ ვირაპის მიწისქვეშა საპყრობილეში. IV საუკუნის მსოფლიო ეკლესიის პატრიარქი წმინდა იოანე ოქროპირი წმინდა გრიგოლ განმანათლებელზე წერდა: "გახსოვდეთ მისი მოთმინება მიწისქვეშა საპყრობილეში ... სიტყვით აუწერელია მისი გაჭირვება, ის ცხოვრობდა მორიელებსა და მცოცავებში, სადაც არც თანამოსაუბრე ჰყავდა, არც მეგობარი, არც დამხმარე, არც მოსამსახურე. დიდი თავშეკავებით, მოთმინებით, თითქოს საფლავში ცოცხლად იმყოფებოდა, უსახლკაროდ, შიშველი, ზაფხულის სიცხესა და ზამთრის ყინვაში, იმიტომ რომ იგი ღმერთთან იყო ახლოს”. ხორ ვირაპში 13 წლის წამების შემდეგ წმინდა გრიგოლ განმანათლებელი გამოდის მიწისქვეშა საპყრობილიდან, ქრისტეს ნათელს ავრცელებს სომეხთა ქვეყანაში, ამით ხდება სახელმწიფოებრივად აღიარებული სომეხთა ეკლესიის პირველი პატრიარქი. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის, როგორც საერთო ქრისტიანი წმინდანის, ხსენებას აღნიშნავენ სხვა ქრისტიანული ეკლესიებიც.