წმინდა დავით წინასწარმეტყველის და წმინდა იაკობ მოციქულის (უფლის ძმის) ხსენების დღე
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-23
წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი იყო. იგი, იუდას ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი იესეს უმცროსი ძე - სიჭაბუკეში მამამისის ფარას მწყემსავდა. როცა მეფე საულმა ხელი აიღო ღვთის მცნებათა აღსრულებაზე, გულთამხილავმა უფალმა დავითი გამოარჩია სამეფოდ და წინასწარმეტყველი სამოელის ხელით სცხო მას „ზეთითა ცხებულებისა მისისაჲთა“. ფილისტიმელთა თავდასხმის დროსაც უფალი შეეწია ნეტარს და შურდულით ადვილად დაამარცხა აბჯარასხმული გოლიათი, რამაც ბრძოლის ბედი ისრაელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამის შემდეგ ხალხმა ძალიან შეიყვარა წმინდანი.
წმინდა იაკობ უფლის ძმა სახარების წმინდანთა და „საქმენი მოციქულთა“ წიგნის წმინდანთა შორის დამაკავშირებელი რგოლია. იგი იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსია. იოსებ ებრაელმა ისტორიკოსმა მას „მართალი“ უწოდა. ისტორიული წყაროების თანახმად, მას აიძულეს კოშკზე ასვლა და იესოს ცილისწამება, მაგრამ იგი საუბრობს იესო მესიის შესახებ, რომელიც ზის ღვთის მარჯვნივ და ქვეყნიერებას მოევლინება სიმართლით განსასჯელად. ბევრმა ირწმუნდა ქრისტე, მაგრამ არაკეთილმოსურნეებს წმინდანი კოშკიდან ჩამოუგდიათ. გადმოცემის თანახმად, დაკრძალულია იერუსალიმის სომეხთა საპატრიარქოს ჰაკობიანთა მთავარ ტაძარში.
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა დავით წინასწარმეტყველის ხსოვნას აღნიშნავს წმინდა იაკობ მოციქულთან ერთად, ვინაიდან, თუ წმინდა დავითი ქრისტეს ხორციელი "წინაპარია", წმინდა იაკობი - მისი "ძმა" და ნათესავია. ამ ორი წმინდანის ხსენებას ერთად აღნიშნავენ ქრისტეშობის წინა დღესასწაულების დროს.