შობა და ნათლისღება
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-01-06
6 იანვარს სომეხთა სამოციქულო ეკლესია ზეიმობს იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”. (მათ. 3:17, მარკოზი 1:11, ლუკა 3:22). ამრიგად, სომეხთა ეკლესია ამ ორ მოვლენას ერთად, 6 იანვარს აღნიშნავს.
6 იანვარს დილით აღევლინება წმინდა წირვა, რის შემდეგაც სრულდება წყალკურთხევა - იესოს ნათლისღება (ხალხური ტრადიციის მიხედვით, ჯვარს წყალში შთაფლავენ). იესომ წყალი აკურთხა მისი ნათლისღებით. ის, ვინც წირვას აღავლენს, წმიდა მირონს აწვეთებს წყალში და აკურთხებს მას. ტრადიციის თანახმად, ხალხს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვს და სნეულთა სამკურნალო საშუალებად იყენებს. შემდეგ მღვდელი დადის მორწმუნეთა სახლებში, ახარებს მათ იესო ქრისტეს შობას. აქედან წარმოიშვა სახლის კურთხევის ტრადიციაც.
იესოს შობა ასე მოხდა
ამ დროისათვის გამოვიდა ავგუსტუსის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მის მიწაზე და მათ შორის იუდეაშიც ხალხის აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ ბრძანების ძალით ყველა ისრაელიანი თავისი მშობლიური ქალაქისაკენ ისწრაფოდა, რათა სახელმწიფო აღწერაში მოხვედრილიყო. საოცარია ღვთაებრივი განგებულების საქმე! თავისი ამქვეყნიური დიდებით გაამაყებული კეისარი უფლის ნების ბრმა იარაღად გვევლინება, ღვთის განზრახვას ემსახურება. ქვეყნიური მეფის ნებამ მოუხმო იოსებსა და მარიამს ბეთლემისაკენ, რათა ზეციური მეუფის ნება აღსრულებულიყო. იოსები და მარიამი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბეთლემში - დავით მეფის სამშობლოში, სადაც სამეფო შტოს საგვარეულო ნუსხები ინახებოდა და სახელი იესოსი, რომლის წინაშეც ყოველთა ზეციურ ძალთა მუხლი იდრიკება, წარმართი ხელისუფალის ქვეშევრდომთა შორის ჩაწერილიყო. დიდება უფალო, სიმდაბლესა შენსა, დაე, განქარდეს ყოველი ამპარტავნება გულთაგან ჩვენთა!
ბეთლემის ჩრდილოეთით, დავითის წყაროდან ორასიოდე ნაბიჯზე, კლდეებს შორის არის გამოქვაბული, რომელშიც ქარიშხლის და უამინდობის დროს მწყემსები პირუტყვთან ერთად თავს აფარებდნენ. გამოქვაბულის სიღრმეში ქვის კლდეში ამოკვეთილი ჩაღრმავება ცხოველებს ბაგის მაგივრობას უწევდა. ამ ღატაკურ გამოქვაბულში მოთავსდნენ წმინდა მგზავრები და სრულ სიწყნარესა და სიმშვიდეში იმყოფებოდნენ, ბრბოს მღელვარებასა და ქაოსს მოშორებულნი.
შუაღამის სიჩუმეში, მახლობლად, სოფელში მწყემსები იყვნენ. ანგელოზებმა პირველად სწორედ მათ ახარეს მხსნელის განკაცება: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა“ (ლკ. 2,10-11). მწყემსებმა გულითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს.
შემდეგ აღმოსავლეთიდან მოვიდნენ მოგვები, რომელთაც ვარსკვლავი უძღვოდა და თაყვანი სცეს ჩვილს, საჩუქრები მისცეს და წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში.