წმინდა ანას მიერ ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის მუცლად–ღება
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-09
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადება არ არის აღწერილი ბიბლიაში, ის ჩვენ გადმოგვეცა ეკლესიის უწმინდესი გადმოცემით. ქალწულის მშობლებს - იოაკიმეს და ანას შვილი არ უჩნდებოდათ, ვინაიდან იოაკიმე უშვილო იყო. ერთხელ ანა ბაღში გავიდა სალოცავად. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყეველი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შეძლებს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!"
უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა: ,,ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს." ანამ იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა.
ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იყო უდაბნოში და უთხრა: ,,უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა. შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე".
იოაკიმე და ანა შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულს.
ანა დაფეხმძიმდა და ქალიშვილი ეყოლა. ანგელოზის მითითებით ახალშობილს მარიამი დაარქვეს, რომელიც განათლებულს ნიშნავს. მას კურთხეული და მომადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა.
ანა იყო ის რჩეული, ვისაც მისი სათნოებისთვის ღმერთმა უფლის დედობა დაავალა. იგი სათნო, ღვთისმოსავი, მზრუნველი დედის, ოჯახური სიწმინდის განსახიერებაა, რომელიც ყველა სომეხი დედისთვის, ყოველი სომეხი გოგონასთვის მაგალითი უნდა იყოს. სომხური ეკლესია წმინდა ანას მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცლად–ღების დღესასწაულს უცვლელად აღნიშნავს 9 დეკემბერს.