წმინდა სტეფანე პირველმოწამის ხსენების დღე
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-24
წმინდა სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ქრისტესთვის სიცოცხლე გასწირა. ისტორიული ცნობების თანახმად, იგი იუდას სამეფო დინასტიის შთამომავალია. ქრისტე ღმერთის საგვარეულოდან კანონმორჩილი მშობლების შვილია. ჯერ კიდევ ჭაბუკი მსახურობდა კაიაფა მღვდელმთავართან. მის სახლში წაყვანის დროს წმინდა სტეფანემ ზეციურ მასწავლებელს ფეხქვეშ დაუფინა თავსაბურავი, ამით გამოხატა თავისი გულწრფელი და ერთგული სიყვარული. ამან აღაშფოთა მღვდელმთავარი, რომელმაც გააგდო იგი. წმინდა სტეფანემ იხილა უფლის სიკვდილი და დაკრძალვა, მაგრამ მოციქულებთან ერთად აღფრთოვანდა ღვთის სასწაულებრივი აღდგომით.
სომხური ეკლესიის ვარდაპეტის, გრიგოლ ტათევაცის თანახმად, წმინდა სტეფანე მიდის წმინდა პეტრე და წმინდა იოანე მოციქულებთან. ნათლობის დროს წყალზე ჩნდება სინათლის გვირგვინი. ამ საოცარი მოვლენის შემდეგ უწოდეს მას „სტეფანე“, რაც „გვირგვინოსანს“ ნიშნავს. სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები ქრისტეს მიმდევრებს ემსახურებიან, მათ შორის წმინდა სტეფანეც, ღვთისაგან მინიჭებული მადლით ხალხში სასწაულებს ახდენს. წმინდა მოციქულთა მიერ იგი ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. არაკეთილმოსურნეებმა კი დაარწმუნეს ხალხი, ვითომ სტეფანე აგინებდა უფალსა და წმინდა მოსე წინასწარმეტყველს. ის სასამართლოში წაიყვანეს.
წმინდა სტეფანე თავდასაცავ გამოსვლაში დამსწრეებს უმტკიცებდა, რომ იესო იყო აღთქმული მესია, იუდეველებს კი საყვედურით მიმართავდა. ქალაქგარეთ ის ჩაქოლეს, ტანსაცმელი კი დაუდეს ერთ ახალგაზრდას, სახელად სავლეს. სავლე იყო წმინდა პავლე მოციქული, ვინც თავიდან დევნიდა ქრისტიანებს, შემდეგ მან აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, იესო ქრისტე და სახარების დიდი მქადაგებელი გახდა.
გადმოცემის თანახმად, წმინდა პავლე მოციქულის მასწავლებელმა გამაყიელმა და მისმა ძმამ, რომლებიც ფარულად ქრისტეს მოსწავლეები იყვნენ, წმინდანი დაკრძალეს მათ აგარაკში. წმინდა სტეფანეს წმინდა ნაწილები შემდგომში აღმოაჩინა ლუკიანე მღვდელმა, იერუსალიმის იოანე პატრიარქმა დაასვენა სიონში. V საუკუნეში აღმოაჩინეს იერუსალიმში და გადაასვენეს ვენეციაში, დაასვენეს წმინდა გიორგის კუნძულის მთავარ საკათედრო ტაძარში.
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა სტეფანე პირველმოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს ქრისტეშობის წინა დღესასწაულების დროს.