წმინდა იმპერატორ კონსტანტინესა და მისი დედის - ელენეს ხსენების დღე
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-06-11
იმპერატორი კონსტანტინე (დაბადებული: იუგოსლავიის ქალაქ ნიშში), რომის იმპერიის ერთ-ერთი გამოჩენილი პირია. მან ეკლესია ოფიციალურად გაათავისუფლა 250-წლიანი დევნისაგან და 313 წელს მილანში გამოსცა ედიქტი, რომლითაც ქრისტიანობა გამოაცხადა ნებადართულ რელიგიად. იმპერატორის ბრძანებით, 325 წელს ქ.ნიკეაში ჩატარდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. ამ კრებამ დაგმო არიოზის ერესი, რომელიც უარყოფდა იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას და ხაზი გაუსვა იმას, რომ ძე შობილია და არა ქმნილი, დაადგინა რწმენის სიმბოლო, რომ ძე არის „ერთარსი მამისა“, ის ღმერთია. მან დიდი წვლილი შეიტანა უფლის წმინდა ადგილებში - იერუსალიმსა და ბეთლემში - დიდებული ტაძრების აშენებაში. კონსტანტინე იყო ასევე დიდი სარდალი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებდა ომებში. გადმოცემის თანახმად, რომის თვითგამოცხადებულ იმპერატორ მაქსენტისთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ წმინდა კონსტანტინე უფალს ევედრებოდა, რომ ზეცით მოეცა ნიშანი, რომელიც მის მომხრეებს გაამხნევებდა. მართლაც, ცაზე გამოჩნდა ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“. ამ ნიშნით კონსტანტინე გადის საბრძოლველად და იმარჯვებს. გარდაიცვალა 337 წელს. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელ-იღო. იმპერატორის თანამოაზრე იყო მისი დედა წმინდა ელენე. იმპერატორს სურვილი ჰქონდა მოეძებნა ცხოველმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო ჩვენი უფალი იესო ქრისტე.
წმინდა ელენე დედოფალს მიეწერება 327 წელს იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენა. პიროვნება, სახელად იუდა, დედოფალს უთითებს იმ ადგილს, სადაც შეიძლება იყოს ქრისტესა და ორი ყაჩაღის ჯვრები. ღვთისმოსავ დედოფალს რიგ-რიგობით ჯვრებთან ახლოს მიაქვს ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდის გვამი, ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით ახალგაზრდა ცოცხლდება. ჯვრის აღმოჩენის შემდეგ კირილე პატრიარქმა ჯვარი აღმართა ქრისტიანთა სანახავად. ელენეს თხოვნით, იერუსალიმში და მის შემოგარენში ეკლესიებსა და მონასტრებს აგებენ, სადაც თვითონვე მსახურობს. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა და ქრისტიანთა გულებში კეთილი ხსოვნა დატოვა.